iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

ოსვალდ შპენგლერი
19 მარ, 2020

ოსვალდ შპენგლერი

დიდი ხანი არ არის, რაც გერმანულ ენაზე გამოვიდა წიგნი შპენგლერის: „დაღუპვა დასავლეთის“. ავტორს არ აქვს აზრად ევროპის „დაღუპვა“ ასახოს. მისი ფიქრი სხვაა: ევროპის კულტურამ დაასრულა რკალი თავის ვითარების და ეხლა ადგილი უნდა დაუთმოს კულტურის სხვა რკალს. ეს ხაზი გაჰყავს მას კულტურის ყოველ დარგში. საინტერესოა მისი შეხედულება ხელოვნებაზე. მისი აზრით თანამედროვე ხელოვნების რკალი იმპრესსიონიზმია, იმპრესიონიზმმა ამოსწურა თავის თავი. ახალი სახე ხელოვნების ჯერ არა სჩანს. მაგრამ შევჩერდეთ თვითონ იმპრესსიონიზმზე. რას წარმოადგენს იგი როგორც ესთეტიკური პრინციპი?

„იმპრესსიონიზმი არის, - ავტორის სიტყვით, - მობრუნება ევკლიდური მსოფლიოგზნების. იგი ეძებს თავის თავს მასში, რომ დასცილდეს რაც შეიძლება პლასტიურ თქმას და მიუახლოვდეს თქმას მუსიკალურს... შეიგზნების და მოიცემის შთაბეჭდილება საგანთა, რომელნიც ითვისებიან თვისგნით როგორც ფუნქციები მარტო ოპტიურად ვეღარ მისაწვდომი ვრცეულობის. შინაგანი თვალით იჭრებიან სხეულნი და ინთება ჯადო მათი ნივთიერი ზღვარების“.

ხარაკტეროლოგიისათვის ავტორი პარალლელს მიმართავს: ანტიკა და თანადროული ხანა. პრინციპი ანტიურობის არის საგანი საზღვრული, - პრინციპი თანამედროულ ხანის არის ვრცეულობა უსაზღვრო. ესთეტიურ ფიგურებში ეს პარალელი ასე იშლება: აპოლლო და ფაუსტი. ატიურობას ახასიათებს სტატიკა საგნების, - თანადროულ ხანას დინამიკა ვრცეულობის. ეს სხვაობა განსხეულების ტეხნიკითაც ცნაურდება: ანტიკაში არის ფრესკო-ტეხნიკა, - თანადროულობაში არის ზეთის-ტეხნიკა: „ზეთ ფერთა-ტეხნიკა ფუძედ ედება იმ ხელოვნებას, რომელსაც სწადია იმაქინაცია სივრცის, საცა საგნები იკარგებიან“, ეს ფორმულა შესაძლოა კიდევ ასე მოტრიალდეს: ანტიკა - „სული“ - როგორც ფორმა ხორციელი ყოფის (არისტოტელეს), - თანადროულობა - „სხეული“ - როგორც ფორმა სულიერი ყოფის (გოეტჰე).

ანტიურ განსხეულებაში არის გამოთქმა მხოლოდ უპერსონალო, მცენარეების, უსულო ვიტალობის. ამას ცხადყოფენ ანტიკის პლასტიური ფიგურები: იქ მასკებია უფრო, ვიდრე ინდივიდუალურ კვეთილი პროფილები.

ანტიურ ადამიანებს ეშინიათ საიდუმლოსი, რომელიც თვლემს საგნის ზედაპირის ქვეშ. მათი ფრესკო უარყოფს უკანამხარეს. რენესანსი არ გრძნობს აქ სიღრმეს: მისი უკანა მხარენი მხოლოდ - „Abschläusse“. ბაროკკო კი საჭიროებს სიშორეს სულის შინა მუსიკისათვის.

ხარაქტეროლოგია კიდევ შორს მიდის; აი ფორმულაც:

ანტიკა: ტიტველი - სხეული - წამი - წინამხარე - მასსა - ქცეული.

მოდერნი: პორტრეტი - სივრცე - მარადობა - სიღრმე - მიქცევა - ქცევა.

იქ ქცეული, - აქ ქცევა.

ამას მოწმობს შემდეგი მოვლენაც: ბავშის ასახვა არ იყო ჰელლადაში, - არც დედის (ორივე კი „ქცევაა“). აპოლლო ასახავს მხოლოდ ნაყოფიერებას: ფალლოსი ნიშნავს მომენტალურ აქტს. ჰელენური ქალი მცენარეული ნოყიერებაა მხოლოდ. ჰელენე უდრის ჰეტერას. ანტიგონა და კლიტემნესტრა უდრიან ამაზონებს, აფროდიტა კი ნატურის ნაკვეთია მხოლოდ.

თანადროულობაში კი სხვა ხაზია: ფაუსტი ასახიერებს დედობის პრინციპს. მადონნა პირველ ყოვლისა დედაა და დედობის გამსახიერებელი.

ანტიკაში არის ურთიერთობა ფორმისა და მასალის, თანადროულობა იცნობს ურთიერთობას ძალისა და მასსისას. მიქელანჯელომ პირველმა მოგვცა უკანასკნელი ურთიერთობა. მის ქმნილებაში ყოველთვის ძალისა და მასსის ომი იმართება. იგი სასტიკი მორგვივით შეჰკრავს ხოლმე სვეტებს ან და თავგამეტებით ჩაუშვებს მათ ნიშებში. მის ფასსადებს აქვთ რაღაც ღელვილი და ვარდნილი. მან იცის დინამიკა სივრცის.

ამ ხაზის გამძაფრება კიდევ შეიძლება: რაფაელ, ლეონარდო, რემბრანდტ. პირველი ხაზი: სასტიკი სისწორით მოფარგლული, ანატომიურ ანალიზით გარკვეული, კარგათ გამართული ჯგუფები, რომლებიც მკაცრად იშვებიან უკანასფეროსაგან. მეორის ხაზი: მონახვა გადასვლის ბნელისა და ნათლის, რბილი რკალები, სიღრმეში მიმქრალი ხაზულები, ჯგუფები და მასსები სინათლის და ნაჩრდილის, რომლებითგან ცალკეული ფიგურები უკვე აღარ იხსნებიან. მესამის ხაზი: ფიგურები ინთქებიან ფეროვან შთაბეჭდილებათა საშოში: ისინი მოქმედობენ მხოლოდ როგორც შტრიხები ფერთა ლაქების.

ამრიგად, ამ ხაზის გაყოლით ყოველი საგანი იძირება უსხეულო ვრცეულობაში.

იმპრესიონიზმი უსხეულო ვრცეულობაა.

თვითონ ფენომენოლოგია ხელოვნების რკალების ავტორს ორიგინალურად ესმის. ერთი რკალი მეორისაგან ისე განირჩევა, რომ, მაგალითად, ერთი რკალის მუსიკისა და პლასტიკის შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე ორი სხვადასხვა რკალის პლასტიკის ან მუსიკის სხეულებათა შორის. ჰელენური ფრესკო, ბიზანტიური მოზაიკა, გოტიური ხატულობა, პერსპექტიური ზეთით-ნახატობა, - ყველა ესენი ფაზები კი არ არიან ერთი საერთო ხელოვნითი კულტურის, არამედ ფორმიდეალები განცალკევებულ, ერთიმეორისაგან დამოუკიდებელ ხელოვნებათა.

ასეთია საერთოდ შპენგლერის შეხედულება.

ავტორის აზრი საინტერესოა მეტად. ხარაკტეროლოგია დიდის ნიჭით არის მოხაზული. მხოლოდ ერთი დიდი ნაკლი ასანიშნავია: თუ იმპრესიონიზმი არის ახალი ეპოქალური აპერცეპცია სამყაროსი, იბადება კითხვა, თუ რით ან და რარიგ წარმოიშვა ასეთი ცვლილება. ეს ცვლილება კოსმიურ ხაზებში უნდა იყოს გაყვანილი. უამისოთ სხვადასხვა რკალთა ფენომენოლოგია დარჩება მხოლოდ როგორც უბრალო ანუსხვა.

კიდევ ერთი: სამწუხაროდ, ავტორი იმპრესსიონიზმის განხილვის დროს მხოლოდ მუსიკასა და პლასტიკას ეხება. საჭირო იყო სხვა ხელოვნების განხილვაც, მაგალითად - პოეზიის. აქ იგი კიდევ უფრო მეტს მასალას ნახავდა.

 

გრიგოლ რობაქიძე, 1922

ნახვების რაოდენობა: 1403