iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

სატანჯველის სახარება
1 აგვ, 2020

სატანჯველის სახარება

თავის ქრისტიანულ საუბრებსა და ფილოსოფიურ შრომებში სორენ კირკეგორი გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას სვამს: რას ნიშნავს, იყო ქრისტიანი? როგორი უნდა იყოს ქრისტიანი? კირკეგორი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სრული სისავსით ცდილობდა, მათ შორის წინამდებარე წიგნით.

კირკეგორისათვის - იყო ქრისტიანი, ნიშნავს უსასრულოდ ენდობოდე ღმერთს მის მიმდევრობაში, ხოლო ღმერთის ასეთი უსასრულო ნდობა მიმდევრობაში შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით: როდესაც ქრისტიანი სატანჯველშია.

მსოფლიო, რომელშიც კირკეგორი ცხოვრობდა, რომელშიც ცხოვრობდა ევროპა XX საუკუნეში, იყო კეთილდღეობის ქრისტიანობა, სამყარო კეთილდღეობაში მყოფი ეკლესიისა, ეს კეთილდღეობა კი საბოლოოდ კატასტროფაში გადაიზარდა. კირკეგორი კი ყოველთვის მწვავედ გრძნობდა, რომ ასეთი ქრისტიანობა - ყველაზე დიდი დამანგრეველი ძალა იყო, რომელსაც სამყაროს განადგურება შეეძლო. საბოლოოდ ასეც მოხდა: კეთილდღეობის ქრისტიანობამ ააფეთქა სამყარო. რევოლუციები, ომები, მრავალგვარი პროტესტები, რომლებითაცაა შეფერადებული საზოგადოების ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  - ეს ყველაფერი რეაქციაა კეთილდღეობის ქრისტიანობაზე.

მაგრამ შესაძლებელი კია, რომ ეკლესია კეთილდღეობაში იყოს? შესაძლებელია, რომ ქრისტიანი, თუკი ის ქრისტიანია, კეთილდღეობაში იყოს? სწორედ რომ კეთილდღეობას უკავშირდება ადამიანთა უნდობლობა ეკლესიისადმი. როდესაც ეკლესია დევნას განიცდიდა, როდესაც ის წნეხის ქვეშ იყო, ეკლესიის ყველაზე მშვიდი სიტყვაც კი მრავალთა ყურადღებას იპყრობდა. მაგრამ ახლა, როდესაც ქრისტიანობა ცდილობს ხმამაღლა ისაუბროს, მისი ხმა შესაძლოა დარჩეს ხმად მღაღადებლისა. რატომ? რადგან ეს შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც გარეშე, როგორც კეთილდღეობის ნიშანი, ნიშანი სატანჯველში ქრისტეს მიმდევრობის მოშთობისა. სწორედ ამ სიტუაციაშია მნიშვნელოვანი კირკეგორის სიტყვები იმის შესახებ, თუ როგორია ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა გაჰყვეს ქრისტეს, გადაწყვიტა ეწოდებოდეს ქრისტიანი.

ქრისტიანობა არ ნიშნავს ყოველ კვირადღეს წირვაზე დასწრებას, მარხვის შენახვას თუ ეკლესიის ტრადიციების დაცვას. კირკეგორის აზრით, ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმით, თუ როგორ მიჰყვება ის ქრისტეს, სახარება კი საშუალებას აძლევს ადამიანს, დაინახოს საკუთარი თავი. მორწმუნე ქრისტიანი, - ამბობს კირკეგორი, - არის ის, ვინც ქრისტეს მიჰყვება, ქრისტეს მიმდევრობა კი ჯვრის ყოველდღიური გამუდმებული ზიდვაა.

მეტიც, კირკეგორი იმასაც ამბობს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი ის კი არ არის, ვინც ქრისტეს თითქოს ხელით მიჰყავს თავის გვერდით, და არც ის, ვინც თავის წინ მიმავალ ქრისტეს ხედავს, არამედ ეს ნიშნავს მარტო სიარულს, სივიწროვეში, რადგან თვით სივიწროვეა გზა.

კირკეგორი საუბრობს სატანჯველის შესახებ, იმისა, თუ როგორ უნდა გაუძლოს ქრისტიანმა სატანჯველს და რატომ უნდა უმადლოდეს სატანჯველს ღმერთს. „გზა ქრისტეს მიმდევრობისა საუკუნოდ საიმედოა და მისი გავლა ყოველთვის შეიძლება; სატანჯველი ამ გზაზე - სასიხარულო ნიშანია იმისა, რომ შენი გზა მართებულია“ - ამბობს კირკეგორი.

უკიდურესად ღრმა აზრია ჩადებული იმ შეხედულებაში, რომ, კირკეგორის აზრით, ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ, ეს კი სასიხარულოა, ისევე სასიხარულოა, როგორც ის, რომ ქრისტიანის გზა კი არ არის ვიწრო, არამედ თვით სივიწროვეა გზა.

უნდა ითქვას, რომ კირკეგორი სატანჯველის, ტანჯვის გარეშე არ აღიარებს მარადიულ ნეტარებას და არაერთი მაგალითის მოხმობით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს სატანჯველი, მარადიული ნეტარება მაინც მასზე ძვირფასია და ყოველთვის გადაწონის მას.

ამ ყველაფრის განხორციელება მხოლოდ გულისმიერი სიწმინდითა და თავისუფლებითაა შესაძლებელი, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს უღირსობა ღირსებად აქციოს, ხოლო მარცხი - გამარჯვებად.

და თუ ეს ასეა, „მაშ მოდით თითოეული ცალკე და დამოუკიდებლად დავდგეთ ამ განძის მხარეს, ამ სასიხარულო აზრისა გულისმიერი სიწმინდისა და თავისუფლების შესახებ, რათა არავინ წაგვართვას გულისმიერი სიწმინდე და თავისუფლება, თუნდაც მზად ვიყოთ იმის აღიარებისთვის, რომ ჩვენი ბრძოლა ამქვეყნად სრულიად უმნიშვნელოა იმ გასაოცარ ადამიანთა ბრძოლასთან შედარებით, რომლებსაც საკუთარ გამოცდაში უსაშინლესი უნდა გადაეწყვიტათ, - ამ დროს ხომ სრულიადაც არ არის უმნიშვნელო, დავკარგავთ თუ არა ჩვენს უმნიშვნელო ბრძოლაში გულისმიერ სიწმინდესა და თავისუფლებას“ - ასკვნის ფილოსოფოსი.

 

დიმიტრი უჩანეიშვილი

ნახვების რაოდენობა: 1258