iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

სტატიები

პერსონაჟი vs ადამიანი
9 აგვ, 2017

პერსონაჟი vs ადამიანი

საუკუნეების განმავლობაში ათეულობით ათასი ლიტერატურული პერსონაჟია შექმნილი და ვინაიდან იგი იმთავითვე იდუმალი ხიბლის მატარებელი გახლავთ, მის შესახებ მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული მკვლევარების, ისტორიკოსების, კრიტიკოსების და ზოგჯერ თავად ავტორების მიერაც კი. არსებობს მთელი რიგი მონოგრაფიები, შედარებითი კვლევები, სამეცნიერო შრომები და სხვა, თუმცა ეს არ არის ის მთავარი, რისი თქმაც ლიტერატურული ნაწარმოების მოქმედი პირის შესახებ არის აუცილებელი. მეორეს მხრივ, არ იქნება მიზანშეწონილი, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნაწარმოების ჩარჩოებში მომწყვდეული პერსონაჟის შესახებ საუბარი, რადგან ვთვლი, რომ იგი სცდება ამ ჩარჩოებს და, ამდენად, გაცილებით მეტს იმსახურებს, ხოლო ვინაიდან პერსონაჟი ადამიანის პროდუქტია, ასევე ვთვლი, რომ უფრო მართებული იქნება იგი განვიხილოთ სწორედ ადამიანთან მიმართებით და, იმავდროულად, ეს გავაკეთოთ ეგზისტენციალურ ჭრილში.

დინამიური და სტატიური; ორ- და სამგანზომილებიანი; მთავარი და მეორადი; ხილული და უხილავი; და კიდევ მრავალი სხვა მახასიათებელი. ეს განსაზღვრებები ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის კლასიფიცირებისთვის გამოიყენება. ჩვენ გვაქვს პერსონაჟთა ტიპების სიმრავლე, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასაკის, სქესის, მრწამსის, ეროვნების, რასის, მსოფლმხედველობის მიხედვით, მაგრამ ვინ არის პერსონაჟი ზოგადად? როგორია იგი? რისთვის არსებობს? სად არის?

ჰყავს პროტოტიპი თუ არა, წარმოადგენს მნიშვნელოვანწილად ფიქციას თუ მასში გამოყენებულია რეალურად არსებული პიროვნების ნიშან-თვისებები, პერსონაჟი, ყველა შემთხვევაში, ავტორის პროდუქტია. ავტორის გარეშე იგი ვერ შეიქმნებოდა, ისევე, როგორც მშობლის გარეშე ვერ შეიქმნება შვილი. ორივეს ქვეყნად მოსავლენად საჭიროა ვიღაცის ნება, და ასევე სურვილი ან მოთხოვნილება. სხვაგვარად ეს არ მოხდება. ამასთან ერთად, ორივე შემთხვევაში ამქვეყნად მოვლენა პირმშოს ნების გათვალისწინების გარეშე ხდება. როგორც ადამიანი ჩნდება მისი ნების დაუკითხავად, ასევე ჩნდება პერსონაჟიც. ამ გაგებით პერსონაჟი ადამიანის მსგავსია, თუმცა განსხვავებას უკვე ვხვდებით: ადამიანის ქვეყნად მოსავლენად ორი სხვა ადამიანია საჭირო, პერსონაჟის შემთხვევაში ამას უმეტესწილად ერთი ადამიანი ახერხებს. ამასთან ერთად, ადამიანებმა, ქმნიან რა სხვა ადამიანს, პრაქტიკულად შეუძლებელია იცოდნენ, როგორი იქნება იგი. ერთი მდედრობითი სქესის გაჩნდება, სხვა კი მამრობითის, ვიღაც შესაძლოა სულაც ორსქესიანი იყოს; ერთი ქერათმიანი იქნება, სხვა – კეხიანი ცხვირით, კიდევ ვიღაც – ჭორფლიანი. ერთს მათემატიკის მიმართ ექნება მიდრეკილება, მეორეს – უცხო ენების ნიჭი, მესამეს – არაფრის და ა.შ. ამ მახასიათებლებს ადამიანი ვერ განსაზღვრავს. ადამიანი ვერ შექმნის სხვა ადამიანს თარგის მიხედვით. ის გაჩნდება ისეთი, როგორიც გაჩნდება. სხვაგვარია ვითარება პერსონაჟის შემთხვევაში. პერსონაჟი, საპირისპიროდ შექმნილი ადამიანისა, მნიშვნელოვანწილად იქნება ისეთი, როგორსაც მას ავტორი ჩაიფიქრებს. თუ ჯოისს  სურს, რომ ლეოპოლდ ბლუმი იყოს ებრაელი და უყვარდეს ცხვრის შემწვარი თირკმელი, ის ასეთი იქნება და ის ასეთიც არის. თუ სხვა ავტორს სურს, რომ მის პერსონაჟს ვაშლი უყვარდეს, ესეც ასე იქნება. შემოქმედს ხელეწიფება ისეთი პერსონაჟის შექმნა, როგორიც მას სურს ან სჭირდება და ეს პირველი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია. პერსონაჟი წინასწარ არის განსაზღვრული, ადამიანი კი არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პერსონაჟის შემთხვევაში არსი უსწრებს არსებობას, ადამიანის შემთხვევაში კი პირიქით არის, თუმცა აქ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, რაც განაპირობებს კიდეც ზემოაღნიშნულს, კერძოდ კი ის, რომ ადამიანის შესაქმნელად ბიოლოგიური მასალაა საჭირო, პერსონაჟი – ოსტატის უკიდეგანო წარმოსახვით ქაოსში იქმნება არაფრიდან.

ადამიანი იკვებება, სუნთქავს, იწყებს მეტყველებას, თანდათან აღიქვამს გარემომცველ სამყაროს, ერთი სიტყვით, ცხოველქმედებს და სიცოცხლისეული ატრიბუტებით აღიჭურვება. ეს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ადამიანებს განასხვავებს. უფრო საინტერესოა ადამიანის სხვა იპოსტასი, მისი შინაგანი სამყარო. ყველა ცოცხალი ადამიანი ფიქრობს, ნატრობს, ოცნებობს, მოსწონს, უყვარს... სწორედ ეს განაპირობებს ადამიანთა მრავალგვარობას. ვიღაც კარიერაზე ოცნებობს, სხვას გამდიდრება აქვს განზრახული, კიდევ ვიღაც – საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ერთი ლუკმა-პურს ნატრობს, მეორეს სპორტი იტაცებს, მესამე – მეზობლის ცოლს ეტრფის, მეოთხე – კოშმარებს ხედავს სიზმრად. ალბათ არ არსებულა ადამიანი, ვისთვისაც უცხო იყოს მსგავსი გამოვლინება. ეს ასეა. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ჩვენი მისწრაფებების, ზრახვების, ოცნებების მიხედვით, თუმცა მცირედი ან სრულებით არაფერი ვიცით სხვათა ოცნებების, სიზმრებისა და ზრახვების შესახებ. ვიცით, რომ ზოგადად ასეა, მაგრამ რა ხდება კონკრეტულად, ეს არ ვიცით. პერსონაჟი? ანტუან როკანტენის საყვარელი სიმღერაა “One of These Days”. ადრიან ლევერკიუნი გენიალურ მუსიკოსობაზე ოცნებობს, ოდისევსი შინ დაბრუნებას ნატრობს, რომეოს და ჯულიეტას ერთმანეთი უყვართ. ეს ასეა და ჩვენ ეს ვიცით. ვიცით, რომ მოხუცი სანტიაგო  სიზმრად აფრიკის ნაპირებზე გამოსულ ლომებს ხედავს, ვიცით, რომ იუჰან ნაგელი საკუთარ თავს წერს წერილებს. ჩვენ საფუძვლიანად ვიცნობთ პერსონაჟის შინაგან სამყაროს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს, რას ოცნებობს, რა მოგონებები აქვს ადამიანს. ჩვენ არ ვიცით, როგორი მუსიკა მოსწონდა სარტრს, რას ოცნებობდა ჰომეროსი ან ვინ უყვარდა შექსპირს. ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით, რადგან ეს ადამიანის შინაგან სამყაროში ხდება. თუკი ისე მოხდება, რომ ეს ადამიანი ფარდას ახდის საკუთარ შინაგან სამყაროს, ასეთ შემთხვევაშიც არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ის, რაც ვიხილეთ, სიმართლეა. აქ გამოთვლები არ გამოდგება, მათემატიკა აქ უძლურია. პერსონაჟის შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ფიქრობს, რას ხედავს სიზმრად იგი. ჩვენ ეს ვიცით. ვიცით, რომ ჰამლეტს  შურისძიება სურს, გრეგორ ზამზა ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობს, ლიზა ტუშინას კი სტავროგინი  უყვარს ფარულად. ჩვენ ესეც ზუსტად ვიცით. შემოქმედმა ჩვენ ეს სავსებით გასაგებად გვითხრა.

გარდა შინაგანი სამყაროსი, არსებობს გარეგნული მხარე, ის, როგორითაც ჩვენ წინაშე წარმოდგებიან სხვა ადამიანები. შესაბამისად, თუკი ადამიანი არსებობს, მის შესახებ რაღაც არის ცნობილი. ვიღაც მაღალია, სხვა – მსუქანი, ერთი კარგად ისვრის მიზანში, მეორე კი წიგნებს კითხულობს, კიდევ ვიღაცას ღვინო უყვარს და ა.შ. შევეცადოთ გავარკვიოთ, რა მდგომარეობაა პერსონაჟთან მიმართებით. მაგალითის სახით განვიხილოთ ოდისევსი. ჩვენ ვიცით, რომ მისი მშობლები არიან ლაერტე და ანტიკლეა, მისი მეუღლეა პენელოპე, შვილი კი ტელემაქე. ის დაიბადა ითაკაში და მისი მეფეა. ოდისევსი გამოირჩევა გონებრივი შესაძლებლობებით და ცბიერებით, იგი სულგრძელი და ღმერთების პატივისმცემელია; იგი თავადაც უყვართ ღმერთებს და მფარველობენ მას, მაგრამ ერთი მათგანი, პოსეიდონი, მასზე განრისხებულია; ოდისევსი კალიფსოს ტყვეობაში შვიდ წელიწადს ატარებს, მას უყვარს და ენატრება პენელოპე, თუმცა გამგზავრების წინ იმავე კალიფსოსთან დაწვება; ოდისევსი აშენებს ტივს, გზად უამრავი სირთულის გადალახვა უწევს; მას ღმერთების შთამომავალს და ქალაქთმპყრობელს უწოდებენ, ჩვენ ვიცით მისი ფიზიკური აღნაგობა და სპორტული მონაცემები... ეს გახლავთ მცირედი ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ოდისევსის შესახებ ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მას ვიცნობთ, ჩვენ იგი ვიხილეთ. ახლა ჰომეროსი განვიხილოთ. რა ვიცით ჩვენ ჰომეროსის შესახებ? ვიცით, ვინ იყვნენ მისი მშობლები? მისი მეუღლე ვინ იყო? ჰყავდა საერთოდ მეუღლე? სად დაიბადა? რა ასაკში გარდაიცვალა? რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი? სად გარდაიცვალა? რომელ წლებში ცხოვრობდა? ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით. ჩვენ მხოლოდ ის “ვიცით”, რომ “ოდისეა” დაწერა ჰომეროსმა, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მას, ვინც “ოდისეა” დაწერა, ჰომეროსი ერქვა? ან ეს იგივე ადამიანია, ვინც “ილიადა” დაწერა? ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ დანამდვილებით: “ოდისეა” ვიღაცამ დაწერა. ამდენად, ჩვენ მეტი ვიცით პერსონაჟის, ვიდრე რეალურად არსებული პიროვნების, ამ შემთხვევაში, მისი ავტორის, შესახებ. ოსტატმა დეტალურად აღწერა შეგირდი, მაგრამ თავად ოსტატის, პირველსაწყისის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით. შესაძლოა ადამიანები ამას არც ანიჭებდნენ მნიშვნელობას და ის უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდათ, რაც იქმნებოდა, ვიდრე შემოქმედი. “გილგამეშის ეპოსი”. ეს ნაწარმოები, რამდენადაც ისტორიკოსები გვარწმუნებენ, საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მისი მთავარი გმირის შესახებაც მრავალი რამ არის ცნობილი: მის მიმართ ღმერთქალ ინინის სიყვარული, მისი მეგობრობა ენქიდუსთან, მის მიერ უკვდავების ძიება და ა.შ. ვინ არის ეპოსის ავტორი? ამ შემთხვევაში ჩვენ ავტორის (მრავალი ისტორიკოსის აზრით კი, ავტორების) სავარაუდო ვინაობაც კი არ ვიცით.

ადამიანი არსებობს. მას იცნობენ სხვა ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ განსხვავებული აზრი მის შესახებ. ზოგს მოსწონს მისი საქციელი, ზოგიც აძაგებს, ვიღაც გულგრილი რჩება. ის ესიზმრებათ, უყვარდებათ, მას გულშემატკივრობენ და მისი სიხარულით ხარობენ ან მისი წარუმატებლობა წყინთ. მას ესაუბრებიან, ასწავლიან, გმობენ, ხოტბას ასხამენ, თხოვენ, ემუქრებიან. ამ და სხვა მრავალი გზით, ნებით თუ უნებლიედ, ადამიანები ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს მშობელი, პედაგოგი, მოძღვარი, ავტორიტეტი, მეგობარი და ადამიანი ხშირად ცდილობს მიბაძოს, დაემსგავსოს მას. იგი ატარებს წვერს, იყენებს ხელჯოხს, იცვამს და ცდილობს გამოიყურებოდეს მასავით, ირჩევს მის პროფესიას. ანალოგიურად ადამიანებისა, პერსონაჟებიც ზემოქმედებენ სხვა პერსონაჟებზე. ჰამლეტი  მამის აჩრდილის ზემოქმედებით ივსება შურისძიების სურვილით, რაც მთელ მის შემდგომ ქმედებებს განსაზღვრავს, კრეონტი ანტიგონეს  გასათავისუფლებლად ტირესიასის შეგონებით გაემართება, პეტრე ვერხოვენსკის მიერ დაშანტაჟებული ჯგუფის წევრები შატოვს კლავენ და ა.შ. ადამიანები ისეთსავე ზემოქმედებას ახდენენ სხვა ადამიანებზე, როგორც პერსონაჟები სხვა პერსონაჟებზე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან პერსონაჟი ადამიანის შექმნილია, ადამიანი კი ისეთ ქმნილებას აძლევს არსებობის შესაძლებლობას, რომელიც მისი მსგავსი თვისებებით არის აღჭურვილი. იგი მას საკუთარ სახედ და ხატად ქმნის. ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაა ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისით. პირველ რიგში, შევეცადოთ განვიხილოთ, შეუძლია თუ არა პერსონაჟს ადამიანზე ზემოქმედება. ბავშვობაში ალბათ ბევრს სურდა ყოფილიყო დ’არტანიანივით მოხერხებული ან რობინ ჰუდივით მამაცი და სამართლიანი, ან კიდევ რობინზონ კრუზოს მსგავსად კუნძულზე აღმოჩენილიყო. მრავალი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება. მოცარტმა 1782 წელს დაწერა კანონი ”Leck Mich in Arsch”. ეს სიტყვები გოეთეს გიოც ფონ ბერლიჰინგენს ეკუთვნის. ადამიანზე პერსონაჟის ძლიერი გავლენის თვალისაჩინოებისთვის შემდეგი მაგალითიც კმარა: გერცენი წერს, რომ “დანიის პრინცის ძაძებით იმოსებოდა ყველა, ვისაც არ შეეძლო გამარჯვებული რეაქციის ცნობა, და კიდევ უფრო მეტად არ შეეძლო მასთან ბრძოლა. ჰამლეტიზმში, როგორც ლაბადაში, ისე ეხვეოდნენ. სამოსი მოხდენილადაც ითვლებოდა.” აქ არა ცალკეულ ადამიანზე, არამედ მთელ საზოგადოებაზეა საუბარი.

პირიქით თუ ხდება მსგავსი რამ? ადამიანს თუ შეუძლია ზემოქმედება პერსონაჟზე? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა. მოქმედი პირები ისეთები არიან, როგორებიც არიან და ასეთებად რჩებიან სამარადისოდ. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ვინსთონ სმითს ეშინია ვირთხების, ოიდიპოსი  დედას ირთავს ცოლად, დონ ჟუანი კი მარად ჟიგოლოდ რჩება. პერსონაჟი ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე, რის საპირისპირო მოვლენას ადგილი არ აქვს. ამ თვალსაზრისით ადამიანსა და პერსონაჟს შორის ტოლობის ნიშანი არ დაისმება.

ადამიანს ემატება ასაკი. აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სხვაობას ვხვდებით მასა და პერსონაჟს შორის. ადამიანს ემატება წლები, ნაოჭდება, ჭაღარავდება, უქვეითდება მხედველობა და სმენა, მნიშვნელოვანწილად გამქრალი აქვს სურვილები, თანდათან სულ უფრო უმწეო ხდება, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ცვლილებებს განიცდის. ეს ცვლილებები ეხება მის ბიოლოგიურ ფუნქციებს: სუსტდება მისი ორგანოები, ის ისე კარგად ვეღარ ხედავს, ვეღარ დადის ისე სწრაფად, როგორც უწინ, კიბეზე ასვლისას რამდენჯერმე ისვენებს და ა.შ. პერსონაჟს ეს არ ემართება. პერსონაჟი არის იმ ასაკის, რა ასაკისაც არის იგი წიგნის დასასრულს. ტომ სოიერი მუდამ პატარა ბიჭად რჩება, ჰამლეტ - ოცდაათიოდე წლის მამაკაცად, სთივენ დედალოსი - ოცდაორი წლის ახალგაზრდად. ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ყველაზე არ ვრცელდება. პერსონაჟებსაც ემატებათ ასაკი ზოგჯერ, მაგრამ ემატებათ მანამ, სანამ ამას საჭიროდ თვლის შემოქმედი. ის განსაზღვრავს, ვინ რა ასაკს უნდა მიაღწიოს, თუმცა გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ, პერსონაჟი ინარჩუნებს მას. აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანს მივუახლოვდით...

სიცოცხლის დასასრული. რასაკვირველია, არსებობენ გარდაცვლილი პერსონაჟები. ოსტატმა შესაძლოა დაასრულოს პერსონაჟის სიცოცხლე, მაგრამ ნიშნავს კი ეს მის გარდაცვალებას? ჰამლეტი, დონ კიხოტი, ანა კარენინა, კირილოვი  და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი გარდაცვლილი პერსონაჟი არსებობს, მაგრამ ერთი რამ არის აღსანიშნავი. ადამიანს ასეთი პერსონაჟებისა და მათ მიმართაც, ვინც “მკვდარი” არ არის, იდენტური დამოკიდებულება აქვს. ის სწავლობს მათგან, მათ შესახებ ესაუბრება სხვებს, ბაძავს მათ, უყვარს ან სძულს და ა.შ., რადგან ადამიანი გრძნობს, რომ მათი სიკვდილი ნამდვილი არ არის. ეს სიკვდილი განსხვავდება ადამიანთა სიკვდილისგან. პერსონაჟი შესაძლოა მოკვდეს მხოლოდ ნაწარმოების მიზნებიდან გამომდინარე ანუ როლი შეასრულოს, როგორც მსახიობმა. ეგზისტენციალური გაგებით მისი სიკვდილი შეუძლებელია, რადგან მას არასოდეს უცხოვრია მიწაზე, ხოლო იქ, სადაც პერსონაჟები ცხოვრობენ, სიკვდილი არ არსებობს.

ადამიანი კი ცხოვრების რომელიღაც წუთს ტოვებს ამ ქვეყანას. სამწუხაროდ ეს ასეა, ადამიანი კვდება. სწორედ ეს არის მთავარი, ფუნდამენტური განსხვავება ადამიანსა და პერსონაჟს შორის. პერსონაჟი არ კვდება. ერთხელ შექმნილი, იგი მუდამ არსებობს. მიუხედავად ასაკისა, ისტორიული ეპოქისა თუ გეოგრაფიული გარემოსი, პერსონაჟი მუდამ იქნება. ის არ იყო სულ, ის ოდესღაც შეიქმნა, მაგრამ სულ იქნება. ის უკვდავია. ყველა და ყველაფერი კვდება. მხოლოდ პერსონაჟი იქნება მუდამ.

არსებობს უკვდავების კიდევ ერთი ფორმა: მენტალური. როდესაც პერსონაჟის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ადამიანის გონებაში ხდება. შესაბამისად, უპრიანი იქნება კითხვა: ადამიანის შესახებაც ხომ არსებობს ცოდნა? მოგონება? რასაკვირველია, ეს ასეა, მაგრამ ასეთი სახით არსებული ცოდნა ან მოგონება ორ მნიშვნელოვან ატრიბუტს არის მოკლებული. პირველი – ეს არის ნამდვილობა ანუ ავთენტურობა. მოგონება იქნება იმდენი და ისეთი, რამდენიც მომგონებელი, როდესაც პერსონაჟის შესახებ ჩვენ ერთი ცოდნა გვაქვს, ერთადერთი. ჰამლეტს  უყვარს ოფელია, მაგრამ თავს იგიჟიანებს. მორჩა. მეორე გახლავთ დროთა განმავლობაში ამ სუბიექტური ცოდნის ცვალებადობა. თუ ვაღიარებთ, რომ ჯორდანო ბრუნო რეალურად არსებული პიროვნება გახლდათ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მე-16 საუკუნეში იგი ჯადოქრად და ერეტიკოსად იყო მიჩნეული, თუმცა დღეს იმ დროის ერთ-ერთ პროგრესულ მეცნიერად ითვლება. აქედან გამომდინარე, ადამიანს მენტალურადაც ვერ ექნება უკვდავება. მას სწორედ ეს ორი რამ უშლის ხელს ამაში: აქ არსებობა და სხვა ადამიანები. ის არსებობდა აქ და არა სხვაგან. შესაბამისად, ის მოკვდა. შესაძლებელია, რომ პერსონაჟის ესა თუ ის სიტყვა ან ქმედება სხვადასხვაგვარად იქნას ინტერპრეტირებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთი და იგივე სიტყვის ან ქმედების შესახებ. ადამიანის შემთხვევაში ეჭვქვეშ დგას თავად ამ სიტყვის ან ქმედების ხდომილება. როდესაც ადამიანი საუბრობს სხვა ადამიანის შესახებ, ის ქმნის მეორე არსებას. ერთია ის, ვინც არის, და მეორე ის, როგორიც იგი სხვა ადამიანმა დაინახა. ადამიანი გაორდა, გასამდა, გაოთხდა და ა.შ., თუმცა ერთიც რომ იყოს, იგივე შედეგამდე მივიდოდით. ადამიანის შესახებ ცოდნა, რომელიც თავად ამ ადამიანისგან მოდის, შესაძლოა მცდარი იყოს, პერსონაჟის შესახებ ცოდნა ერთადერთია და, შესაბამისად, ეს არის სიმართლე. ამდენად, თუ მენტალური უკვდავება საუკუნეებში რეალიზებული ურთიერთობაა, პერსონაჟია სწორედაც რომ უკვდავი. მიუხედავად მისი ბედისა ნაწარმოებში, იგი ურთიერთობს ადამიანებთან, მას იხმობენ, კითხვებს უსვამენ, ენატრებათ, ის აქ არის, ხელის გაწვდენის მანძილზეა. მეტიც, ის ადამიანშია, მაგრამ არა ერთში, არამედ ბევრში და ის ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოჩნდეს ასპარეზზე. ამიტომაც, როდესაც საუკუნეებში რეალიზებულ ურთიერთობებზე მიდგება საქმე, ადამიანი უმალ პერსონაჟს მოუხმობს და არა სხვა ადამიანს, რაც იწვევს კიდეც ადამიანის მენტალურ სიკვდილს. ის ქრება. ამდენად, როგორც ეგზისტენციალურად, ისე მენტალურად, ადამიანი კვდება, პერსონაჟი კი მუდამ ცოცხალია.

და რას ვიღებთ შედეგად? ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანები მოკვდავები არიან, ადამიანის მიერ შექმნილი პერსონაჟები კი უკვდავები.

დიახ, ადამიანი ქმნის პერსონაჟს, მაგრამ თუკი ისე ხდება, რომ შემდეგ ჩვენ მეტი და უფრო დაზუსტებით ვიცით პერსონაჟის, ვიდრე ადამიანის შესახებ, თუ პერსონაჟი ახდენს ზემოქმედებას ადამიანზე, ხოლო ადამიანი იგივეს ვერ ახერხებს მის მიმართ, თუ პერსონაჟი მეტ ნდობას აღძრავს, ვიდრე ადამიანი, თუ ადამიანი კვდება, ხოლო პერსონაჟი მარად არსებობს, ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟი უფრო რეალურია, ვიდრე რეალურად არსებული ადამიანი?!

დიახ, ალბათ ჰამლეტი  უფრო რეალურია, ვიდრე შექსპირი, დონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე სერვანტესი, კანდიდი უფრო რეალურია, ვიდრე ვოლტერი და ა.შ.

იგივე უნდა ითქვას ოსტატის მიერ შექმნილ გეოგრაფიულ ლოკაციებთან დაკავშირებითაც. აღარ არსებობს რომის იმპერია, აღიგავა ბაბილონი, დაიფერფლა პომპეი. იოკნაპატოფა არსებობს, მას ვერავინ დაიპყრობს, ის არ გადაშენდება. იოკნაპატოფა  მარადი მხარეა. მაკონდოც.

სწორედ ეს არის ის, რითიც ლიტერატურის მნიშვნელობა განისაზღვრება, ამიტომ აქვს მას ღირებულება და გამორჩეულია სხვა ხელოვნებათა შორის. ლიტერატურაში იქმნება უკვდავება და, შესაბამისად, იგი თავადაც უკვდავია, ხოლო თუ უკვდავების შემოქმედი ღმერთია, მაშინ ღმერთი - შემოქმედი ადამიანია.

 

ნახვების რაოდენობა: 3785