მახასიათებლები
- სათაური: აბელ სანჩესი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიგელ დე უნამუნო
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 79
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2890
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
აბელ სანჩესი;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
ერთი ვნების ამბავი
ხოაკინ მონეგროს გარდაცვალების შემდეგ მის ქაღალდებში წააწყდნენ მემუარების მსგავს ჩანაწერებს იდუმალი ვნების შესახებ, რაც თურმე მთელი ცხოვრება სტანჯავდა მას; წინამდებარე ამბავში, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ და რომელიც ავტორს „აღსარებად“ დაუსათაურებია, ჩართულია ნაწყვეტები ამ ჩანაწერებიდან; ბრჭყალებში მოქცეული ნაწყვეტები ერთგვარი კომენტარების სახით მოგვაქვს მისი სენის ასახსნელად. ხოაკინს „აღსარება“ თავისი ქალიშვილისადმი მიუძღვნია.
აბელ სანჩესსა და ხოაკინ მონეგროს აღარც კი ახსოვდათ, როდის გაიცნეს ერთმანეთი. გაიცნეს კი ლამის აკვანში, სულ ჩვილები რომ იყვნენ. მათი ძიძები რომ შეიყრებოდნენ, მასლაათს გააბამდნენ, მათ კი ჯერ ენაც არ ამოედგათ და გვერდიგვერდ იწვნენ გატრუნულები, მერე კი, თანდათან ერთმანეთის ცნობაც ისწავლეს და საკუთარი თავისაც; აი, ასე, ლამის დაბადებიდანვე ერთად იზრდებოდნენ და ძუძუმტეებივითაც შეეთვისნენ ერთმანეთს.
გასეირნება იყო, თამაში თუ სხვა რამ გართობა, იფიქრებდით, წამომწყები და მოთავე ნამდვილად უფრო მტკიცე ხასიათის ხოაკინი იქნებაო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აბელის ნებაზე ხდებოდა. ასე კი იმიტომ გამოდიოდა, რომ აბელს მორჩილებაზე უფრო მბრძანებლობა ეძნელებოდა. ისინი თითქმის არასოდეს ჩხუბობდნენ. „ჩემთვის სულ ერთია, როგორც შენ გინდა!“... ეტყოდა ხოლმე აბელი ხოაკინს და ამ „როგორც შენ გინდას“ თუმცა სიშმაგემდე მიჰყავდა მეგობარი, ჩხუბის საბაბს არ აძლევდა.
- ერთხელ მაინც წამოგცდეს რამეზე უარი! - წამოიძახებდა ხოლმე ხოაკინი.
- რატომ უნდა წამომცდეს? - გამოეპასუხებოდა აბელი.
- ძალიან კარგია, მაგრამ ამას რომ ტყეში წამოსვლა არ უნდა! - თქვა ერთხელაც ხოაკინმა, როცა ამხანაგებმა სასეირნოდ წასვლა დააპირეს.
- მე? როგორ არ მინდა!... - შესძახა აბელმა, - როგორ არ მინდა, თუკი შენ გინდა, წავიდეთ!
- არა, მე რომ მინდა, იმიტომ ნუ წამოხვალ! ერთხელ მაინც თქვი, არ მინდაო, აღარ გამაგონო ეგ შენი „სულ ერთია...“ თქვი, არ მინდა-თქო და მორჩა!
- რატომაც არ მინდა, სულაც...
- მაშ, თუ ასეა, მე აღარ...
მიგელ დე უნამუნო
მიგელ დე უნამუნო (29.09.1864-31.12.1936) - ესპანელი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესსეისტი; ბერძნული და კლასიკური ლიტერატურის პროფესორი, სალამანკას უნივერსიტეტის რექტორი.