მახასიათებლები
- სათაური: ადამიანები და გარემოებანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბორის პასტერნაკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 46
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2394
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ბავშვობა;
სკრიაბინი;
ცხრაასიანი წლები;
პირველი მსოფლიო ომის წინ;
სამი აჩრდილი;
დასასრული;
გადაფურცვლა
ბავშვობა
1.
მე დავიბადე მოსკოვში 1890 წლის 29 იანვარს ძველი სტილით, ლიჟინის სახლში, სასულიერო სემინარიის პირდაპირ, ორუჟეინის შესახვევში. არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა ზოგი რამ, რაც ვნახე შემოდგომაზე ძიძასთან ერთად სემინარიის პარკში სეირნობის დროს: დაცვენილ ფოთოლთა გროვებში მიმალული სველი ბილიკები, გუბე-ტბორები, ხელოვნური გორაკები, სემინარიის შეღებილი ქონგურები, დიდ შესვენებებზე ახორხოცებულ სემინარისტთა თამაში და დაკადაკა.
სწორედ სემინარიის ჭიშკრის პირდაპირ იდგა ორსართულიანი ქვის სახლი, რომლის ეზო მეეტლეთათვის იყო განკუთვნილი, ხოლო ჩვენი ბინა მოთავსებული იყო ჭიშკარს ზემოთ, მის კამაროვან თაღში.
2.
ბავშვობის შთაბეჭდილებებს შეადგენდნენ შიშისა და აღტაცების ელემენტები. ფერთა ზღაპრულობით ეს შეგრძნებანი უკავშირდებოდნენ ყველაფერზე გაბატონებულ და ყოვლის გამაერთიანებელ ორ ცენტრალურ სახეს: დათვების ფიტულებს კარეტნი რიადის საეკიპაჟო დაწესებულებებში და კეთილი გოლიათის - ოდნავ წელში მოხრილი, მუდამ თმააბურძგნული, ყრუ ბანით მოლაპარაკე გამომცემლის პ. კონჩალოვსკის სახეს, მის ოჯახს და მისი ბინის ოთახებში გამოფენილ სეროვის, ვრუბელის, მამაჩემისა და ძმების ვასნეცოვების ფანქრით, კალმითა და ტუშით შესრულებულ ნახატებს.
ჩვენი უბანი ყველაზე საეჭვო იყო, - ტვერსკაია-იამსკაიას ქუჩები, ტრუბა, ცვეტნოის შესახვევები. წამდაუწუმ მექაჩებოდნენ ხელით: რაღაც არ უნდა მცოდნოდა, რაღაც არ უნდა გამეგონა. მაგრამ ძიძები და გამდელები ვერ ეგუებოდნენ მარტოობას, და მაშინ ჩვენს ირგვლივ მეტად ჭრელი საზოგადოება იყო გარსშემორტყმული. შუადღეზე კი ზნამენსკის კაზარმების ღია პლაცზე წრთვნიდნენ ცხენოსან ჟანდარმებს.
მათხოვრებთან და მოხეტიალე მსხემ ქალთა სიახლოვიდან, განწირულთა სამყაროსა და მათი ისტორიებისა თუ ისტერიკების მეზობლობიდან მე ვადაზე ადრე გამოვიტანე და სამუდამოდ შევინარჩუნე შემაძრწუნებელი სიბრალული ქალისადმი და კიდევ უფრო აუტანელი სიბრალული მშობლისადმი, რომლებიც ჩემზე ადრე უნდა მომკვდარიყვნენ...
ბორის პასტერნაკი
ბორის პასტერნაკი (10.02.1890-30.05.1960) - რუსი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, აღიარებული XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პოეტად; ნობელის პრემიის 1958 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.