აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია;
შესავალ ლექციას ჩვეულებრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე: იგი თვითეულ ახალგაზრდა სწავლულის, რომელიც უნივერსიტეტში ერთ-ერთ კათედრის წარმომადგენლად გამოდის, სამეცნიერო საზოგადო პროგრამის გამომხატველია, ამასთანავე იგი იმ მიმართულების დამახასიათებელია, რომელსაც ადგია თავის სპეციალურ საგანში, რომელიც მის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულების არსებითი დამახასიათებელი იქნება.
დიახაც რომ შესავალ ლექციას სწორედ ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ გულახდილად გამოგიტყდებით, რომ ამ გვარ საზოგადო მიმართულების გამომხატველ ლექციის წაკითხვა მეცნიერების ისეთ დარგის შესახებ, როგორიც საქართველოს და სომხეთის ისტორიაა, მეტად ძნელ და უმადურ ტვირთს წარმოადგენს: აღმოსავლეთის წარსულის და განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთის ისტორიის სამეცნიერო შესწავლას დიდი ხანი არ არის რაც შეუდგნენ მკვლევარნი; გასაკვირველიც არა არის რა, რომ აღმოსავლეთის ისტორიკოსებმა ჯერ-ჯერობით ვერ შეჰქმნეს განსაკუთრებული ახალი მიმართულება, ვერ შესცვალეს არსებითად ის თანამედროვე შეხედულება, რომელსაც ჩვენს დასავლეთის ისტორიის მკვლევარები გვითავაზებენ ხოლმე. ამის გამო აღმოსავლეთის ხალხთა წარსულის შემსწავლელის ერთადერთი ხელმძღვანელი უნდა ისტორიის ფილოსოფია ყოფილიყო, მეცნიერების დარგი, რომელიც ეგრეთწოდებულ საისტორიო კანონების, საზოგადოებრივ ცხოვრების წარმატებასა და სხვა კიდევ მრავალ ძირითად კითხვებს იკვლევს. მაგრამ აქაც იმედი უცრუვდება აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიკოსს. იმიტომ, რომ ისტორიის ფილოსოფიის მკვლევარნი თავიანთ თხზულებებში აღმოსავლეთს თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ხოლმე და საზოგადოდ ჩვეულებრივ აზრებს იმეორებენ. აღმოსავლეთის ასე უყურადღებოდ დატოვებისა და აბუჩად აგდების მიზეზი ერთის მხრით ის არის, რომ აღმოსავლეთის ისტორია ჯერ-ჯერობით ხეირიანად არ არის შესწავლილი, მეორეს მხრით და განსაკუთრებით ის გარემოება, რომ იმ მეცნიერებს, რომელნიც მსოფლიო ისტორიისა და ისტორიის ფილოსოფიის შესახებ თხზულებებსა წერენ, თითქმის...