მახასიათებლები
- სათაური: ამირანდარეჯანიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოსე ხონელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3886
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
კარი პირველი: აბესალომ ინდოთა მეფის ამბავი
კარი მეორე: ბადრი იამანის ძისა ამბავი
კარი მესამე: ნოსარ ნისრელისა ამბავი
კარი მეოთხე: ამირან დარეჯანის ძისა ამბავი
კარი მეხუთე: ამბრი არაბისა ამბავი
კარი მეექვსე: ინდო ჭაბუკისა ამბავი
კარი მეშვიდე: მნათობთა ამბავი
კარი მერვე: ტილისმათა ამბავი
კარი მეცხრე: სეფედავლე დარისპანის ძისა ამბავი
კარი მეათე: მზისა ჭაბუკისა ამბავი
კარი მეთერთმეტე: სისხლთა ძებნისა ამბავი
კარი მეთორმეტე: ბალხეთს შესლვისა ამბავი
კარი პირველი
აბესალომ ინდოთა მეფის ამბავი
იყო ინდოთ მეფე აბესალომ, მორჭმული და განგებიანი, და არა იყო შეჭირვება გულსა მისსა. ესე იყო წესი მისი: ედგა ასი ავაზა და ექვსასი ქორი, თეთრი და მწყაზარი, ჰყვა სამი ათასი დიდებული. ორშაბათსა, სამშაბათსა და ოთხშაბათსა, ამას სამსა დღესა, უჴმის ათას-ათასი დიდებული და გასცემდის საბოძვარსა საზომისაებრ, რაცა ვის ჰხვდებოდა. ამას განსვენებასა და დიდებასა შინა იყვის სიხარული და გამოსვენება. ხუთშაბათსა, პარასკევსა და შაბათსა ნადირობდის და გაისვენებდის, კვირიაკესა დღესა დაჯდის და სამეფოსა საქმესა განაგებდის და სამართალსა უზემდის ციხეთა, ქალაქთა და სოფელთა ყოველთა.
ერთსა დღესა ბრძანა ნადირობას განსლვა. გავიდა და ინადირა სანადიროსა კარგსა. მოვიდა შინა, მხიარულმან დიდი პურობა გარდაიჴადა და მნახავთა მადლი უბრძანა, ვითა კარგთა სანადიროთა შიგან მანადირეთო. კვლავ უბრძანა: აწ, ჩემსა მზესა, წადით და ახლოს ნადირი მომინახეთო. წავიდეს მნახავნი და ეგზომი ნადირი პოვეს, რომელ ანგარიში არა შეეგებოდა. ერთი ქურციკი ნახეს, რომელ რქანი ესხნეს ოქროჲსა ფერნი, თვალნი და ჭლიკნი − შავნი, და მუცელი − თეთრი და ზურგი − ძოწეული. შევიდა მნახავი და მოაჴსენა მეფესა მითვე სახითა, ვითარცა ენახა. გაეხარნეს მეფესა და უბრძანა დიდებულთა: ამას კაცსა საკვირველი ნადირი უნახავს, აწ მისი უნახაობა ჩვენგან არ ეგების და, ვინათთგან ესრეთ საკვირველი არის, მნებავს,...