მახასიათებლები
- სათაური: ბარაბა
- ISBN კოდი:
- ავტორი: პერ ლაგერკვისტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 66
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5631
- რეიტინგი: 4.2
სარჩევი
გადაფურცვლა
ყველამ იცის, მაშინ ისინი ჯვარზე როგორ ეკიდნენ და მის გარშემო ვინ მოიყარა თავი. დედაი მისი, მარიამი და მარიამ მაგდალინელი, ვერონიკა, სვიმონ კვირინელი და იოსებ არამათიელი, რომელმაც შემდეგ მის სხეულს არდაგი შემოახვია. ოღონდ ქვემოთ, ფერდობზე, ცოტა მოშორებით კიდევ იდგა ერთი კაცი, ვინც თვალს არ აშორებდა მომაკვდავ ჯვარცმულს, ვინც მისი სასიკვდილო წამება თავიდან ბოლომდე იხილა. ამ კაცს სახელად ბარაბა ერქვა და ეს წიგნიც მასზე დაიწერა.
ოცდაათიოდე წლის თუ იქნებოდა. ჩაფსკვნილი იყო, თუმცა სახე ჩაყვითლებოდა. მწითური წვერი და შავი თმა ჰქონდა, წარბებიც - შავი, თვალები კი თითქოს იმისთვის ჩაცვენოდა, რომ გამოხედვა უკეთ დაემალა. ერთი უპედან ღრმა ნაჭრილობევი იწყებოდა, ნიკაპისკენ ეშვებოდა და წვერში იკარგებოდა. საერთოდ კი ადამიანის გარეგნობას მნიშვნელობა არცა აქვს.
იგი ბრბოს პრეტორიიდანვე ქუჩა-ქუჩა აედევნა, ოღონდ უკან მიჰყვებოდა და როცა ტანჯული რაბი თავის ჯვრიანად წაიქცა, ნაბიჯიც კი შეანელა და შეყოვნდა, მის გვერდით არ აღმოვჩნდეო, და ჯვარიც სწორედ იმ სიმონს წამოკიდეს. მამაკაცები ბრბოში ცოტანი იყვნენ, რომაელებს თუ არ ჩავთვლით. მსჯავრდებულს უფრო ქალები მიაცილებდნენ და კიდევ ბიჭუნების ხროვა - ეს შარახვეტიები ხომ მაშინვე იქ გაჩნდებოდნენ ხოლმე, როცა ქუჩაში ვინმე ჯვარზე გასაკრავად მიყავდათ. ასეთ გასართობს ხელიდან არ გაუშვებდნენ, მაგრამ მალე დაიღალნენ და ჩვეულებრივ თამაშს მიუბრუნდნენ. მანამდე კი ერთი შეავლეს თვალი სახენაჭრილობევ კაცს ბრბოს კუდში რომ მიჰყვებოდა.
და აი, უკვე თხემის ადგილზე იდგა და შუალა ჯვარზე გაკრულ კაცს თვალს ვერ აშორებდა. აქ ამოსვლა არ უნდოდა, აქ ყველაფერი უწმინდური და დამასნეულებელი იყო. იმასაც ამბობდნენ, ვინც ამ დაწყევლილ, შეჩვენებულ ალაგას ერთხელ მაინც ამოვა, სულის ნაწილს აქ ტოვებს, უსათუოდ აქვე დაბრუნდება და დარჩებაო. ირგვლივ თავის ქალები და ძვლები ეყარა. დამპალი ჯვრები აღარაფრად ვარგოდა, მაგრამ არ გაჰქონდათ, რომ ხელი არაფრისთვის ეხლოთ. აქ რატომ მოვიდა? ამ კაცს ხომ არ იცნობდა და დიდად არც მისი ხვედრი ენაღვლებოდა. მაშ გოლგოთაზე რაღად მოვიდა?...