მახასიათებლები
- სათაური: ბატონ ჟერომ კუანიარის აზრები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანატოლ ფრანსი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 102
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1765
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ბატონ ჟერომ კუანიარის აზრები;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
ოქტავ მირბოს
ზედმეტად მიმაჩნია აღვწერო აქ აბატ ჟერომ კუანიარის ცხოვრება. ის იყო მჭევრმეტყველების პროფესორი ბოვეს კოლეჟში, სეეზის ეპისკოპოსის ბიბლიოთეკარი, Sagiensis episcopi bibliothecarius solertissimus[1], როგორც ეპიტაფია გვაუწყებს მისი, უფრო გვიან სენტ-ინოსანის სასაფლაოს მწერალი და, ბოლოს, მცველი, ასტარაკიანის, წიგნთსაცავთა ამ ჭეშმარიტი დედოფლისა, რომლის დაკარგვა მარად სავალალო იქნება ჩვენთვის. აბატი დიღუპა ლიონის გზაზე, ებრაელი კაბალისტის, მოზაიდის ხელით (Judaea manu nefandissima[2]), და შთამომავლობას დაუტოვა დაუმთავრებელ ნაშრომთა წყება და ხსოვნა გულთბილი, ინტიმური საუბრებისა. კუანიარის საოცარი სიცოცხლისა და ტრაგიკული აღსასრულის ყველა დეტალი გამოწვლილვით გადმოგვცა მისმა მოწაფემ ჟაკ მენეტრიემ, რომელსაც მეტსახელად ტურნებროშს[3] ეძახდნენ, იმიტომ, რომ მედუქნის ვაჟი გახლდათ (მამამისს წმ. იაკობის ქუჩაზე ჰქონდა დუქანი). ეს ტურნებროში პირდაპირ აღმერთებდა მას, ვისაც, ჩვეულებრივ, თავის კეთილ მოძღვარს ეძახდა. „ესაა ყველაზე სრულქმნილი სული, რომელსაც ოდესმე უცხოვრიაო დედამიწაზე“ - ამბობდა იგი. დიდი უბრალოებითა და ერთგულებით დაწერა მან თავისი მოგონებანი აბატ კუანიარზე, რომელიც მის ქმნილებაში ისე ცოცხლდება, როგორც სოკრატე[4] ქსენოფონტეს მემორაბილიებში[5].
სათუთად, სიფრთხილითა და სიზუსტით დაგვიხატა მან სიცოცხლით სავსე პორტრეტი, რომელშიაც ჩააქსოვა მთელი თავისი სიყვარული და ერთგულება. მისი ქმნილება ერაზმის[6] ჰოლბეინისეულ[7] პორტრეტებს გვაგონებს, რომლებიც ლუვრში, ბაზელის მუზეუმსა თუ ჰემპტონ-კორტშია დაცული და რომელთა სინატიფის ცქერით ვერასოდეს გაძღება თვალი. ერთის სიტყვით, მან დაგვიტოვა ჭეშმარიტი შედევრი.
რა თქმა უნდა, საოცარია, თავი რომ არ შეიწუხა თავისი თხზულების გამოსაქვეყნებლად, თუმცა, შეეძლო კია თვითონვე გამოეცა იგი, რადგან, ბოლოს წიგნით მოვაჭრე გახდა წმ. იაკობის ქუჩაზე, სადაც შეცვალა ბ-ნი ბლეზო, რომელსაც იქ გახსნილი ჰქონდა დუქანი „წმიდა კატერინას ხატი“. შესაძლოა, შიშობდა, მიწყივ წიგნებით გარშემორტყმული, ვაითუ მხოლოდ რამდენიმე ფურცელი შევმატოო შავი საღებავით დათხიპნილ...