საავტორო უფლება;
ბრბო და მისი მენტალური ერთობის ფსიქოლოგიური კანონი;
და მისი მენტალური ერთობის ფსიქოლოგიური კანონი
რას წარმოადგენს ბრბო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით - ინდივიდუალთა რაოდენობრივად დიდი შეკრება არ არის საკმარისი ბრბოს ჩამოსაყალიბებლად - ფსიქოლოგიური ბრბოს განსაკუთრებული მახასიათებლები - ასეთი ბრბოს შემადგენელ ინდივიდუალთა იდეებისა და განწყობის ფიქსირებული მიმართულების შექცევა, და მათი ინდივიდუალობის გაქრობა - ბრბოზე ყოველთვის ის შეხედულებებია გაბატონებული, რომლებსაც ის ვერ აცნობიერებს - გონებრივი აქტივობის გაქრობა და მედულარული აქტივობის გაბატონება - გონებრივ შესაძლებლობათა დაქვეითება და გრძნობათა სრული ტრანსფორმაცია - ტრანსფორმირებული გრძნობები შესაძლოა ბრბოს შემადგენელ ინდივიდუალთა განცდებზე უკეთესი ან უარესი იყოს - ბრბო ისევე მარტივად იქცევა გმირად, როგორც ბოროტმოქმედად.
ჩვეულებრივი გაგებით სიტყვა „ბრბო“ ნიშნავს ნებისმიერი ეროვნების, პროფესიისა თუ სქესის ადამიანთა შეკრებას მიუხედავად მათი თავშეყრის მიზეზისა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სიტყვა „ბრბო“ ფრიად განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია. მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში, და მხოლოდ ამ გარემობებში, ადამიანთა თავყრილობა იძენს ახალ მახასიათებლებს, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება მის შემადგენელ ინდივიდთა მახასიათებლებისგან. თავყრილობის შემადგენელ პიროვნებათა აზრები და განცდები ერთ მხარეს არის მიმართული, ხოლო მათი ცნობიერი პიროვნება ქრება. ყალიბდება კოლექტიური ფსიქიკა, უდაოდ დროებითი ხასიათის, მაგრამ ცხადად განსაზღვრული მახასიათებლებით. ამგვარად თავყრილობა იქცევა იმად, რასაც მე, უკეთესი განსაზღვრების არარსებობის პირობებში, ორგანიზებულ ბრბოს ვუწოდებ ან, თუ ამ ცნებას ანიჭებთ უპირატესობას - ფსიქოლოგიურ ბრბოს. ყალიბდება ერთი არსება, რომელიც ბრბოს მენტალური ერთობის კანონს ექვემდებარება.
ცხადია, რომ ორგანიზებული ბრბოს მახასიათებლების შეძენა მხოლოდ იმ ფაქტის გამოისობით არ ხდება, რომ ინდივიდები შემთხვევით აღმოჩნდებიან ერთმანეთის გვერდით. საჯარო ადგილას განსაზღვრული მიზნის გარეშე...