მახასიათებლები
- სათაური: ჩემი რელიგია
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიგელ დე უნამუნო
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 7
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2312
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ერთი ჩემი ჩილელი მეგობარი მწერდა, აქ, ჩვენთან ერთი-ორ თქვენს ისეთ მკითხველსაც შევხვედრივარ, რომელსაც შემოუჩივლია: "კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ სენიორ უნამუნოს რელიგიისა ვერაფერი გავიგეო". არ მიკვირს, აქაც, ჩვენთანაც არაერთხელ უთქვამთ იგივე, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, პასუხი გამეცა მათთვის და არც ვაპირებ, სანამ ღრმად არ გავიაზრებ თვითონ კითხვას.
განა ამქვეყნად ცოტანი არიან სულით უქნარა ადამიანები, ან თუნდაც ხალხი, რომელთაც სულაც არ უშლის ეს ხელს, ბეჯითად იმოღვაწეონ ეკონომიკურსა თუ სხვა მსგავს სფეროებში, რადგან ისინი, ეტყობა, უფრო დოგმატიზმისკენ არიან მიდრეკილი ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რაღაც მიზნით, თუ სულაც უმიზნოდ. სულით უქნარობა კი მათს კრიტიკულსა თუ სკეპტიკურ პოზიციაზეც მიგვანიშნებს.
სკეპტიკურს-მეთქი, რომ ვამბობ, მხედველობაში მაქვს ამ სიტყვის ეტიმოლოგიური და ფილოსოფიური მნიშვნელობა, რამეთუ სკეპტიკოსი მარტო დაეჭვებულ კაცს როდი გულისხმობს, არამედ ისეთსაც, ვინც იკვლევს და იძიებს, ვინც საპირისპიროსაც ამტკიცებს და ზოგჯერ კიდეც ჰგონია, რაღაცას მივაგენი, რაღაცა ამოვხსენიო. მაგრამ არიან ისეთებიც, პრობლემებს რომ ეჭიდებიან და არიან კიდევ სხვებიც, პირდაპირ, მზამზარეულ ფორმულებს რომ გვთავაზობენ, სულერთია, სარწმუნო იქნება თუ არა.
წმინდა ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნამდვილად წინდაუხედაობა იქნებოდა რამის ხელაღებით მტკიცება, მით უმეტეს, რომ საკითხის დასმა უკვე შემდგომი ნაბიჯის პირობაა.
როცა ანგარიში აგვერევა, წავშლით და მერე ისევ თავიდან ვიწყებთ, ეს მაინცდამაინც საქმის დიდი დაწინაურება არ არის, მაგრამ თუ სახლი დანგრევის პირზეა მისული, ანუ საცხოვრებლად უვარგისია, ჯობია დავანგრიოთ, ვიდრე შევაკეთოთ და გავამაგროთ; ამას გვირჩევნია, ძველი მასალა გამოვიყენოთ და ახალი ავაშენოთ, ოღონდ დანგრევით კი უეჭველად უნდა დავანგრიოთ. ამასობაში მობინადრეებმა შეიძლება სადმე შეაფარონ თავი, თუნდაც ქოხი იყოს, ხოლო თუ ქოხიც ვერ მოიძებნება, პირდაპირ მინდორში, ცის ქვეშაც კი გაათენონ.
...
მიგელ დე უნამუნო
მიგელ დე უნამუნო (29.09.1864-31.12.1936) - ესპანელი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესსეისტი; ბერძნული და კლასიკური ლიტერატურის პროფესორი, სალამანკას უნივერსიტეტის რექტორი.