მახასიათებლები
- სათაური: დაბლინელები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯეიმზ ჯოისი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 94
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2293
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
დები
შეხვედრა
არაბეთი
ევილინი
ავტორბოლის შემდეგ
ორი რაინდი
პანსიონი
პატარა ღრუბელი
ასლები
მიწა
უბედური შემთხვევა
სუროს დღე
დედა
ღვთის წყალობა
მკვდრები
გადაფურცვლა
ჯეიმს ჯოისი - დაბლინელები
James Joyce - Dubliners
სარჩევი
დები
შეხვედრა
არაბეთი
ევილინი
ავტორბოლის შემდეგ
ორი რაინდი
პანსიონი
პატარა ღრუბელი
ასლები
მიწა
უბედური შემთხვევა
სუროს დღე
დედა
ღვთის წყალობა
მკვდრები
დები
მისი გადარჩენის იმედი ამჯერად აღარავის ჰქონდა: ეს უკვე მესამე შეტევა იყო. ყოველ საღამოს ჩავუვლიდი ხოლმე სახლს (ეს ამბავი არდადეგების დროს მოხდა) და ფანჯრის განათებულ ოთხკუთხედს ვაკვირდებოდი, საიდანაც ყოველთვის თანაბარი, მკრთალი შუქი გამოდიოდა. რომ მომკვდარიყო, სანთლების ანარეკლს დავინახავდი-მეთქი ჩამუქებულ ფარდაზე, ვფიქრობდი მე. რადგან ვიცოდი, რომ ორი სანთელი აუცილებლად უნდა ენთოს მიცვალებულის თავით. ხშირად მეტყოდა ხოლმე, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერიაო, მაგრამ მისი სიტყვებისა არა მჯეროდა, ახლა კი ვიცი, რომ მართალს ამბობდა. ყოველ საღამოს, ფანჯარას რომ შევცქეროდი, ჩუმად ვიმეორებდი სიტყვას „დამბლა“. ეს სიტყვა ჩემს ყურში ყოველთვის უცნაურად ჟღერდა, როგორც „გნომონი“ ევკლიდესთან ან „სიმონია“ კატეხიზმოდან. ახლა კი რომელიღაც ბოროტი და ცოდვილი სულის სახელივით ჩამესმოდა, მაკრთობდა და მაშინებდა, მაგრამ ვერ ვძლევდი სურვილს ახლოს მივსულიყავი და ჩემი თვალით მენახა. მისი მომაკვდინებელი მოქმედება.
ბებერი კოტერი ბუხრის პირას იჯდა და ჩიბუხს ეწეოდა, როცა მე სავახშმოდ ჩავედი ძირს. ვიდრე დეიდაჩემი ფაფას მისხამდა, მან, თითქოს შეწყვეტილ საუბარს განაგრძნობსო, თქვა:
- არა, ვერ ვიტყვი, რომ ის მართლაც... მაგრამ, რაღაც უცნაური რამ სჭირდა... მე მგონია... - და იგი ჩიბუხის პლაკუნს მოჰყვა, რათა დრო მოეგო და სათქმელი მოეფიქრებინა. გამოჩერჩეტებული ბებერი! პირველად რომ გავიცანი, მაინც უფრო ჭკვიანი ჩანდა, არყის გამოხდის ხერხებს გვაცნობდა, მაგრამ მე მალე მომბეზრდა მისი დაუსრულებელი ლაქლაქი ერთსა და იმავეზე.
- ამ საკითხზე მე საკუთარი შეხედულება მაქვს, - თქვა მან. - ჩემი აზრით, ეს იყო ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი... თუმცა,...