მახასიათებლები
- სათაური: დიდი ეთიკა
- ISBN კოდი:
- ავტორი: არისტოტელე
- გამომცემელი: ბიბლიო
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 57
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 793
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
არისტოტელე - დიდი ეთიკა
ΑΡΙΣΤΟΤΕΛΗΣ - ΗΘΙΚΑ ΜΕΓΑΛΑ
სარჩევი
წიგნი I
წიგნი II
წიგნი I
თავი 1
1181a მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ვილაპარაკოთ ეთიკის შესახებ, პირველ ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რის ნაწილია ეთიკა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკის ნაწილი. პოლიტიკაში კი მოღვაწეობა არ შეიძლება ისე, თუ კაცს საამისო თვისებები არა აქვს. მე ვგულისხმობ ზნეობრიობას. ზნეობრივი ადამიანი კი სათნო ადამიანია, მაშასადამე, ვინც პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს, ის ზნეობრივი ადამიანი უნდა იყოს, რადგან ეთიკის მეცნიერება არის პოლიტიკის ნაწილი და საფუძველი. საერთოდ კი, მგონია, რომ უფრო მართებული იქნებოდა, რომ ამ მეცნიერებისათვის გვეწოდებინა არა ეთიკა, არამედ პოლიტიკა.
1182a როგორც ჩანს, თავდაპირველად საჭიროა იმის დადგენა, თუ რა არის სათნოება და საიდან წარმოიშობა ის. რადგან არ იქნებოდა კარგი სათნოების ცოდნა იმის გაუთვალისწინებლად, თუ საიდან და როგორ წარმოიშობა იგი. საერთოდ, კვლევა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვაწარმოოთ, რომ გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს სათნოება, არამედ იმიტომაც, რომ ვიცოდეთ, თუ საიდან და როგორ წარმოიშობა ის, რადგან ერთი და იგივეა სათნოების ცოდნა და სათნოდ ყოფნა.
ამრიგად, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა არის სათნოება. მაგრამ იმის ცოდნა, თუ საიდან და როგორ წარმოიშობა ის, ადვილი არაა იმის ცოდნის გარეშე, თუ რას წარმოადგენს ის სხვა მეცნიერებებში. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის, თუ უფრო ადრე რა ითქვა სათნოების შესახებ.
პირველად პითაგორამ დაიწყო მსჯელობა ამის შესახებ, მაგრამ არა სწორად. მან სათნოებები რიცხვებზე დაიყვანა და ამიტომ ვერ შექმნა სათნოების შესაბამისი თეორია. მაგალითად, სამართლიანობა არ შეიძლება იყოს კვადრატში აყვანილი რიცხვი.
პითაგორას შემდეგ მოვიდა სოკრატე, რომელმაც პითაგორაზე უკეთ იმსჯელა, მაგრამ არც ის იყო სწორი, როცა მან სათნოებები ცოდნად აქცია. რადგან ყოველი ცოდნა დასკვნას უკავშირდება, დასკვნა კი წარმოიშობა სულის მოაზროვნე...