მახასიათებლები
- სათაური: დიდი გეთსბი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 112
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2438
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
დიდი გეთსბი;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
თავი I
ყრმობისას, როცა კაცზე ყველაფერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მამაჩემმა დამარიგა და დღემდე მახსოვს მისი სიტყვები.
- გაკიცხვა თუ დააპირო ვისიმე, - მითხრა, - გაიხსენე, რომ ამ ქვეყნად ყველას შენებურად არ უცხოვრია.
სხვა არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩვენ უსიტყვოდაც ვუგებდით ერთმანეთს, მივხვდი, რომ ნათქვამზე მეტი იგულისხმა. ბოლოს, დავეჩვიე ჩემი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავებას და, ამის გამო, ვინ იცის რამდენმა ახირებულმა კაცმა გამიხსნა გული, რამდენჯერ აღმოვჩნდი მოსაწყენ პიროვნებათა აღსარების მსხვერპლი. გონებაარეული კაცი მყისვე ცნობს და ეტმასნება ასეთ ადამიანს, თუ იგი ნორმალურ პიროვნებათაც დაიგულა. ერთხელ, კოლეჯში, პოლიტიკანობაც კი დამწამეს, რადგან მე ვიყავი ყველა მარტოსულისა და უკარებას მესაიდუმლე. აღმსარებელთა უმრავლესობას გავურბოდი. როცა შევამჩნევდი ჰორიზონტზე მორიგი აღსარების ნიშნებს, ძილს მოვიგონებდი ხოლმე, მოუცლელი, ანდა ქარაფშუტა კაცის იერს მივიღებდი; საქმე ისაა, რომ აღსარებანი, ყოველ შემთხვევაში სიტყვები, რომლებითაც ყმაწვილი გულისნადებს გიმჟღავნებს, უფრო ხშირად ნაპარავივით გავს ერთმანეთს და აშკარად ემჩნევა, რომ სიმართლეს ჩქმალავს. საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება დიდად საიმედო რამეა. ზოგჯერ ახლაც მეშინია არ წამომცდეს რა, თუ დამავიწყდა, რომ თავაზიანობის გრძნობა (მამაჩემის სნობური ქადაგებით, რასაც მეც სნობურად ვიმეორებ) დაბადებითვე უთანასწოროდ ეძლევათ ადამიანებს.
ახლა, ჩემი მოთმინების უნარით ამდენი რომ ვიტრაბახე, უნდა ვაღიარო - მოთმინებასაც საზღვარი ჰქონია. ადამიანის ქცევას ყოველთვის აქვს რაღაც საფუძველი, ან კლდესავით მაგარი ან ჭაობივით რბილი, მაგრამ თუ მოთმინების ფიალა ამევსო, აღარაფერს დავეძებ. გასულ შემოდგომას, აღმოსავლეთიდან რომ დავბრუნდი, იმასაც კი ვფიქრობდი, ნეტავ მთელი მსოფლიო ერთნაირად გამოეწყოს და ზნეობრივადაც ერთნაირად მოწესრიგდეს-მეთქი, სამუდამოდ. ვეღარ ვიტანდი შმაგ აღსარებებს, ადამიანთა სულში ფათურს.
ერთადერთი გამონაკლისი, ვისაც ზურგი ვერ შევაქციე, იყო გეთსბი, კაცი, რომლის...