მახასიათებლები
- სათაური: ჯანყი გურიაში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2899
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ისტორიული რომანი 1841 წლის გურიის ცხოვრებიდან
I
- უფ, რა გრილი ღამეა! პერანგისამარა გამოვედი და საშინლად მცივა!
- თუ გცივა, გულზე მომეკონე და გათბები.
- გულზე? არ ჯობს. მოწიფული კაცის გული და ზღვაი ერთია. სხვაი რამე რომ გაგიპირდეს, მაშვინ რაღაი? ხომ იცი, სიმონ, ჩვენი ჯვარისწერის საქმე ჯერ ცხრა ქედს გადაღმაა!
- მანა, გული მტკენია, რომ ამაზე მეტი დანდობა არ გაქ ჩემზე! რა გეივლე გულში აგი! აბა უნამუსო ვყოფილვარ, თუ ჯვარისდაწერამდე შენ საიმგვაროთ შეგეხე! ისე იმასაც ვიტყვი, ჩვენი ჯვარისწერის საქმე, შენ რომ ფიქრობ, არც ისე დაკარგულია. გუშინ ჩემს დედ-მამასთან განგებ შენი ქება ვთქვი და ბოლოს დავატანე: ვინც გინდა თავმომწონე აზნაურმა შეირთოს, ზრახი არ ეთქმება-მეთქი. არა, მე და ჩემმა ღმერთმა, ჩვენს სოფელში მანაის ფარდი ქალი არ მოიძებნებაო, დამემოწმა მამა. კაი დედ-მამის შვილია და კაი გამოვიდაო, თქვა დედაჩემმა. თუ კაია, ჩემია-მეთქი, გევივლე გულში. ერთი ორ-სამჯელ კიდევ მოვუყოლებ ამბავს და ბოლოს გავუტეხ ჩხირს: მანაი ჩემია, მე უნდა შევირთო-მეთქი. მგონია, უარი ვერ მითხრან. მეტყვიან და შენ მაინც ჩემი ხარ!
- შენი ვარ, სიმონ, შენი! აჰა, გული დანითაც რომ დასჭრა, იმ დღიდან მაინც შენია. ნუ გეწყინება, რომ ხანდახან ეჭვი შემომეპარება.
- ნუ, ნუ მოაკარეფ შენს გულს, მანა, იმ, უღვთო ეჭვს. აა, ასე დაგიკოცნი თვალებს, ყელს, გულს... კოცნა აბა სხვაი რა? სხვაფერ ჯვარის დაწერამდი და-ძმაი ვართ.
ასე საუბრობდენ გურიის ერთ სოფელში 1841 წელს, მაისის მოწმენდილ ღამეს, ისლით დახურულ ფიცრულა სახლზე ცოტა მოშორებით, დიდი კაკლის ხის ძირში მსხდომნი მანა, გლეხი X-შვილის ქალი და აზნაური სიმონ №-ძე. პირველი, მანა X-შვილის ქალი, იყო თექვსმეტი თუ ჩვიდმეტი წლის, მომაღლო მშვენივრად მოყვანილი ტანისა. მის თეთრყირმიზს, ცისფერი დიდრონი თვალებით გაბრწყინებულ პირისახეს რაღაც ისეთი გვარი მომჯადოებელი სხივი ეკერა, რომ ბერათ განყენებულსაც კი გულს უბრუნებდა და აუტოკებდა. მანას მოტრფიალე აზნაური სიმონ №-ძე ოცი-ოცდაორი წლის, საშუალო ტანის ყმაწვილი კაცი იყო. მის ლამაზ, სუფთა პირისახეს ძლიერ უხდებოდა ახალამოშლილი,...