მახასიათებლები
- სათაური: ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯანი როდარი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 79
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3197
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში;
გადაფურცვლა
ეს ჯელსომინო
რა გვყოლია და ვინ გვყოლია:
საკმარისია პირი დააღოს, -
ბურთი ბადეშია და უკვე გოლია!
თავი პირველი
ამ წიგნში მოთხრობილია ჯელსომინოს თავგადასავალი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, ცოტას გადარჩა, არ დავყრუვდი, თუმცა ყურები წინასწარ ბამბით მაგრად გამოვიტენე. აბა, რა უნდა მექნა, ჯელსომინოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ.
ახლა ჯელსომინო სახელგანთქმული ტენორია. კაცს ვერ ნახავთ ჩრდილო პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე, რომ მისი სახელი არ გაეგონოს. როცა ჯელსომინო მომღერალი გახდა, უფრო ტკბილხმოვანი, უფრო დიდებული სახელი დაირქვა. თქვენ ეს სახელი გაზეთებში ბევრჯერ შეგხვედრიათ და ალბათ უჩემოდაც კარგად იცით. ბავშვობაში კი მას “ჯელსომინოს” - “ჟასმინს” ეძახდნენ. მოდი, ჩვენს მოთხრობაშიც ასე მოვიხსენიოთ.
მაშ ასე, იყო ერთი პატარა ბიჭი ჯელსომინო, თუმცა ტანად სხვა ბიჭებზე პატარა იყო, მაგრამ ისეთი მჭექარე ხმა ჰქონდა, კაცს დააყრუებდა. ეს მისი დაბადებისთანავე გამოირკვა.
იმ ღამეს, როცა ჯელსომინო დაიბადა, მისი თანასოფლელები რაღაც ხმამ გამოაღვიძა. მათ ფაბრიკის საყვირი ეგონათ და ლოგინებიდან წამოცვივდნენ. რის საყვირი, რა საყვირი, ჯერ შუაღამეც არ გადასულიყო. თურმე ნუ იტყვით, სოფელი ჯელსომინოს ტირილმა გამოაღვიძა. ის ყველა სხვა ახალდაბადებული ბავშვივით ხმას ისინჯავდა. საბედნიეროდ, მალე ისწავლა ძილი და დილამდე ტკბილად ეძინა, როგორც სძინავს ყველა წესიერ ადამიანს ჟურნალისტებისა და ღამის ყარაულების გარდა. ახლა ჯელსომინო ტირილს ზუსტად დილის შვიდ საათზე იწყებდა, სწორედ იმ დროს, როცა ხალხს უნდა გაეღვიძა და სამუშაოზე წასულიყო. ფაბრიკის საყვირი აღარავის სჭირდებოდა და მალე უქმად გდებისაგან დაჟანგდა.
ჯელსომინო ექვსი წლისა გახდა თუ არა, სკოლაში მიაბარეს. სიის ამოკითხვისას მასწავლებელი ასო “ჯ”-მდე მივიდა და...