მახასიათებლები
- სათაური: ეშმაკის დორბლი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ხულიო კორტასარ
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 53
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2741
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
ეშმაკის დორბლი;
მდევარი;
მიტაცებული სახლი;
გადაფურცვლა
სარჩევი
ეშმაკის დორბლი
მდევარი
მიტაცებული სახლი
ეშმაკის დორბლი
მოდი და გაიგე, როგორ ითქმება უკეთესად: პირველი პირით თუ მეორეთი, ეგებ სულაც მესამე პირის მრავლობითი რიცხვი ჯობია, ანდა უსასრულოდ შენ თვითონ იგონებდე უცნაურ შეთანხმებებს, რასაც ვერც თავს გაუგებ და ვერც ბოლოს. ვთქვათ, ამნაირს: „მე ვხედავ, მთვარე ამოსვლა“, ან ასეთს: „ჩვენ, მათ თვალი სტკივა ყველაზე ღრმად, განსაკუთრებით კი ამისთანას: „ისინი, ქერათმიანი ქალი, იყვნენ ღრუბლები, რაც კვლავინდებურად დაცურავენ ჩემი, შენი, თქვენი, ჩვენი სახეთა წინ...“ ეშმაკმა იცოდეს მაგისი თავი!
მე მგონია, ყველას აჯობებს - წავიდე ბარში და ლუდი დავლიო, მოთხრობა კი მანქანამ, თავის ნებაზე, როგორც უნდა ისე აკაკუნოს (მე ხომ პირდაპირ მანქანითა ვწერ). ღმერთმანი, აჯობებს, და ეს ცარიელი ლაყბობა როდია, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოთხრობა „კონტაქსს“ შეეხება (მე მაქვს „კონტაქსი“ 1:1,2), და ადვილი მოსალოდნელია, ერთმა მანქანამ მეორეზე გაცილებით მეტი იცოდეს, ვიდრე მე, შენ და იმან, პარაპეტთან მდგარმა ქერათმიანმა ქალმა, ანდა ამ ღრუბლებმა. და მაინც, ყოველივე ეს სისულელეა, მშვენივრად ვიცი, საკმარისია წამოვდგე, რომ ჩემი „რემინგტონი“ გაიყინოს, ქვად იქცეს იმ გაორკეცებული სიჯიუტით, რაც ყველა უმოძრაო საგანს სჩვევია, რომელთა ცქერასაც მიჩვეული ვართ მათი მოძრაობის დროს. ერთი სიტყვით, მე თვითონ უნდა დავწერო. ერთ-ერთ ჩვენგანს უნდა დაეწერა და უმჯობესია, მე დავწერო, რაკიღა უკვე გარდავიცვალე და შემიძლია სრული მიუკერძოებლობა გამოვიჩინო. ჯობს, მე დავწერო, რაკიღა ჩემი თვალები ვეღარაფერს ხედავენ ზეცის გარდა და ხელს აღარავინ მიშლის წერაში (აი, ახლა გამოჩნდება ნაცრისფერკიდეებიანი ღრუბელი), ხელს აღარავინ მიშლის, ჩავუღრმავდე საკუთარ მეხსიერებას. ჯანდაბას - მე დავწერ, რაკიღა მოვკვდი და მაინც ცოცხალი ვარ, დიახ, დიახ, აქ არ არის არავითარი თვალთმაქცობა, ყველაფერი თანდათანობით გაირკვევა. ხომ უნდა დაიწყო რაღაცით, მეც ავდექი და იმით დავიწყე, რაც თავიდან მოხდა, კაცმა რომ თქვას, ასეც უნდა იწყებოდეს ყველა მოთხრობა.
მაინც...