მახასიათებლები
- სათაური: ევმენიდები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ესქილე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 34
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1171
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოქმედი პირნი
პროლოგი
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
მეოთხე ეპიზოდი
ექსოდოსი
შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
მოქმედი პირნი
პროლოგი
პირველი ეპიზოდი
მეორე ეპიზოდი
მესამე ეპიზოდი
მეოთხე ეპიზოდი
ექსოდოსი
შენიშვნები
მოქმედი პირნი:
აპოლონი
პითია, მისანი ქალი
ათენა
ქორო ერინიებისა
მსვლელობის მონაწილენი
ორესტე
პროლოგი
(აპოლონის ტაძრის ფასადი. ორქესტრაზე გამოდის პითია, მისანი ქალი)
პითია
ღმერთთა დასიდან ლოცვას ჩემსას ჯერ შევავედრებ
ღმერთქალ გაიას[1] პირველს მისანს, მერმე თემიდას,
ვინც დედის შემდეგ მანტეონზე ამაღლებულა -
ასეთი არის გადმოცემა, ხოლო მესამე
ტიტანიდია, ფებე[2] მიწის მომდევნო ქალი,
ნებაყოფლობით ვისაც ერგო მემკვიდრეობა,
რომელმან ფებოსს, ახალშობილს უბოძა ტახტი,
სწორედ აქედან წარმოსდგება სახელი მისი.
მან დაუტევა დელოსი[3] და ტბის ნაპირები,
პალადის კეთილ ნავსადგურში ჩაუშვა ღუზა
და საბრძანისად აირჩია პარნასის მხარე.
ის გააცილეს ჰეფესტოსის ვაჟიშვილებმა[4]
დიდი პატივით, მეგზურობა ითავეს მისი,
უსიერ ტყეში ბილიკები გასჭრეს სავალი.
იქ მიბრძანებულს შეეგება პატივით ხალხი,
თავად დელფოსი, ამა ქვეყნის გამგე ხელმწიფე.
მერმე, ზევსისგან კურთხეული და გაბრძნობილი
ტახტზე ავიდა, ვით მეოთხე ნათელმხილველი.
ამრიგად ზევსის ორაკული გახლავთ ლოქსია.
ჯერეთ ამ ღმერთებს შევავედრებ მე ლოცვას ჩემსა,
მერმე პალადას, ამაღლებულს ტაძრის წინარე,
თვალწარმტაც ნიმფებს, კორიკიდის[5] ქვაბულში მცხოვრებთ,
სად სასირეა ფრინველთა და დემონთა ბინა.
არ დავივიწყებ ბრომიოსსაც[6] ამ მხარის მპყრობელს,
ბაკხი ასული აქ იუფლა უზენაესმა
და კურდღლის ბედი დააწია ოტებულ პენთევსს[7].
ახლა ვახსენებ პლისტოსის[8] წყლებს, პოსეიდონის
ძალმორჭმულებას, ზევსს, უმაღლეს აღმასრულებელს
და ავალ ტახტზე მოწიწებით მისანი ქალი.
აწ სასიკეთო რჩევისათვის ღია იქნება...