მახასიათებლები
- სათაური: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
- ISBN კოდი:
- ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 58
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2358
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა;
გადაფურცვლა
ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისწვდე
ჟილ ვისენტე (დაახლ. 1470-1536)
იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა, ვითომ ლეღვის ხეების ტევრში მიაბიჯებდა, სასიამოვნოდ ცრიდა და სულ რაღაც ერთი წამით ბედნიერი იყო, მაგრამ გამოღვიძებულს ისეთი განცდა აჰყვა, თითქოს ჩიტების სკორეში ამოსვრილიყოს. „ხშირად ესიზმრებოდა ხეები, - მითხრა დედამისმა პლასიდა ლინერომ ოცდაშვიდი წლის შემდეგ, როდესაც წვრილად იგონებდა იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს, - სიკვდილამდე ერთი კვირით ადრეც დაესიზმრა, ვითომ კალის თვითმფრინავით დაფრინავდა ნუშის ხეებში და ეშინოდა, ტოტებს არ გამოსდებოდა“.
ეს ქალბატონი უბადლო ამხსნელი იყო სხვათა სიზმრებისა, თუკი უზმოზე უამბობდნენ ამ სიზმრებს. ვაჟიშვილის ამ ორ სიზმარსა და სიკვდილის წინა დღეებში დილაობით ნაამბობ სხვა სიზმრებში ნანახი ხეები კი რატომღაც ცუდად არ ენიშნა ქალს.
არც თვითონ სანტიაგო ნასარს უგუმანია ცუდი რამ. ტანგაუხდელს ცოტა ხანს და თანაც ცუდად ეძინა. გაღვიძებულს თავი სტკიოდა და პირშიც საძაგელ გემოს გრძნობდა. არც იყო გასაკვირი - თითქმის გამთენიისას აიშალნენ საქორწილო სუფრიდან. იგი შვიდის ხუთ წუთზე გავიდა სახლიდან და ვიდრე სულ რაღაც ერთ საათში ღორივით დაკლავდნენ, ბევრმა დაინახა ქუჩაში. მერე იგონებდნენ, თუმცა უძილობა ეტყობოდა, მაინც კარგ გუნებაზე იყოო; მშვენიერი დღე იქნებაო, ამბობდაო.
დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, რას გულისხმობდა ამ სიტყვებში - ამინდს თუ სხვა რამეს. ერთნი ამბობდნენ, თებერვალს რომ შეეფერება, ისეთი მზიანი დარი იდგა, ზღვიდან და ბანანის ბაღებიდან სუსტი ქარი ქროდაო; მეორენი კი პირიქით ირწმუნებოდნენ, ცუდი ამინდი იდგა, ცა დადაბლებული და მოღუშული იყო, ჰაერი დამყაყებული წყლის სუნს დაემძიმებინა, ხოლო იმწამს, როცა უბედურება მოხდა, სწორედ ისეთი წვრილი წვიმა წამოვიდა, სანტიაგო ნასარს რომ დასდიოდა თავის სიზმარეულ ტევრშიო. მეც იმ საქორწილო სუფრას ვუჯექი ალიონამდე, მერე კი ის იყო,...
გაბრიელ გარსია მარკესი
გაბრიელ გარსია მარკესი (06.03.1927-17.04.2014) - კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი, ცნობილი ლათინურ ამერიკაში, როგორც „გაბო“ ან „გაბიტო“. მიჩნეულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ავტორად და საუკეთესოდ ესპანურენოვან მწერლებს შორის. 1972 წელს მიენიჭა ნოიშტადტის საერთაშორისო პრემია, ხოლო 1982 წელს - ნობელის პრემია.