მახასიათებლები
- სათაური: ლექსები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაფეზი
- გამომცემელი: Anatoly
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3433
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ყაზალები
ყაზალი #001
ღვინო დამისხი - მერიქიფევ! - სიცოცხლის შვება...
ჩემს ლაღ სიყვარულს დღეს მსახვრალი ეწვია ნება.
თუ ცისკრის ნიავს ჩემთან სატრფოს სურნელი მოაქვს,
ალბათ, ეს არის გულში სისხლად მჩქეფარე ვნება.
სატრფოსთან ყოფნით ვეღარ ვხარობ... ზანზალაკების
ჟღარუნი მამცნობს, განშორების ჟამი რომ დგება.
“ლოცვის ნოხს ღვინო აპკუროსო გზად მიმავალმა” -
ბრძანა მოძღვარმა, ვისი სიტყვაც სარწმუნო ხდება.
ბობოქარ ზღვაში ბნელმა ღამემ რაც ჩვენ დაგვმართა,
ამას ნაპირზე მშვიდად მყოფი ვერასდროს ხვდება.
დიდთა პატივთა ძიებამ რომ სირცხვილს შემყარა,
როგორ დავმალო?! ამას ყველა მეჭორე ყვება.
ჰ ა ფ ე ზ, სატრფოსთან ყოფნა თუ გსურს, ეახელ მას და
გადაივიწყე წუთისოფლის დარდი და სნება.
ყაზალი #002
ჩემი საშველი საით დარჩა და
მე უსაშველოდ სადა ვარ ნეტავ?!
რომელი გზიდან საით მოველ და
მავალი რომელ გზადა ვარ ნეტავ?!
დავთმე დერვიშის ძონძი სამოსი
და ლოცვა დღისა და საღამოსი,
მაგრამ ვერც სარდაფს, ვერ ღვინოს ვხედავ...
თავად მეც აღარსადა ვარ ნეტავ?!
განა მოკვდავი მისთვის იშობა,
სასჯელად ექცეს ღვთისმოშიშობა?!
ქადაგს ვუსმინო თუ რუბაბის ხმას?!
სიტყვად შემქმნეს თუ ხმადა ვარ ნეტავ?!
ის, რაც ანათებს მეგობრის სახეს,
მტრებმა ვერსად და ვერასდროს ნახეს...
ვით ჩამქრალ სანთელს, სიბნელე მელის
თუ მზის ძიებით ცად ავალ ნეტავ?!
ჩემი ყოველი ზნე და იერი
შენ დაიმონე, ვით მიწიერი...
საით წავიდე?! - ის მაინც ბრძანე,
აქ თავად ვარ თუ სხვადა ვარ ნეტავ?!
ღაწვთა ტრფობაში გადაკარგულო,
ფრთხილად! - შენს გზა-კვალს არ უერთგულო...
საით მიდიხარ?! სად ჩქარობ, გულო?!
აღსასრულისთვის მზადა ვარ ნეტავ?!
წავიდა სატრფო და იქცა...