მახასიათებლები
- სათაური: კომივოიაჟერის სიკვდილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ართურ მილერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 81
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3099
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
კომივოიაჟერის სიკვდილი;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
ზოგიერთი კერძო საუბარი
ორ მოქმედებად და რექვიემი
მოქმედი პირნი
ვილი ლომენი
ლინდა
ბიფი
ჰეფი
ბერნარდი
ქალი
ჩარლი
ძია ბენი
ჰოვარდ ვაგნერი
ჯენი
სტენლი
მის ფორსაიტი
პირველი მოქმედება
ისმის ფლეიტის ხმა. ეს მელოდია უბრალოდ და მიმზიდველად უმღერის ბალახს, ხეებს, ცის კამარას. ფარდა იხდება.
ჩვენს წინ კომივოიაჟერის სახლია. სიღრმეში ვამჩნევთ მაღალი, კუთხოვანი შენობების მოხაზულობებს, რომელნიც ყოველი მხრივ ეკვრიან ამ სახლს. სახლი და ავანსცენა ზეცის ცისფერი შუქითაა განათებული, ირგვლივ კი ყველაფერი თითქოს ავბედითი ნარინჯისფერი ალით ღვივის. სცენა თანდათან ნათლდება და ჩვენ ვხედავთ, რომ ირგვლივ აღმართული შენობები მძიმე აკლდამის მსგავსად გადაჰფარებიან ამ პატარა, უმწეო სახლს. აქ ყველაფერს სიზმრის იერი ადევს, სიზმრისა, რომელიც სინამდვილემ დაბადა. სცენის ცენტრში მოწყობილი სამზარეულო თითქმის ნამდვილს ჰგავს, რადგან იქ დგას სამზარეულო მაგიდა, სამი სკამი და მაცივარი, მაგრამ ამის მეტი იქ არაფერია. სამზარეულოს უკანა კედელი ფარდაჩამოფარებული კარებია, რომელიც სასტუმრო ოთახში გადის. სამზარეულოს მარჯვნივ ორი საფეხურის სიმაღლეზე საწოლი ოთახია, სადაც მხოლოდ ორი თითბრის საწოლი და სკამი დგას. საწოლს ზემოთ, თაროზე, დგას ვერცხლის საპრიზო თასი. ფანჯარაში მეზობელი სახლი მოჩანს.
სამზარეულოს უკან, დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე, ბიჭების საწოლი ოთახია, რომელსაც ახლა ძლივ ვარჩევთ. ბუნდოვნად ისახება ორი საწოლის კონტური, უკანა კედელში მცირე სარკმელია დატანებული (ეს ოთახი სასტუმრო ოთახს ზემოთაა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ) სამზარეულოში მარცხნივ მოთავსებულ ხვეულ კიბეს ავყავართ ამ ოთახში.
დეკორაცია მთლიანად ან ზოგან გამჭვირვალეა. სახურავის ხაზი მხოლოდ მინიშნებულია - ამ ხაზის ზემოთაც და ქვემოთაც მოჩანს საცხოვრებელი სახლები. სახლის წინ ავანსცენაა, რომელიც რამპიდან ორკესტრში ჩადის. ესაა ლომენის სახლის ეზო, სადაც ამავე...