მახასიათებლები
- სათაური: კუნძული
- ISBN კოდი:
- ავტორი: ხუან გოიტისოლო
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 105
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2548
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
კუნძული;
შენიშვნები;
სხვა საინტერესო წიგნები;
გადაფურცვლა
მონიკასა და ფლორენსს
I
თვითმფრინავი რომ დაეშვა, მინდორი მზის სხივებში იყო გახვეული, მადრიდში კი მოღრუბლული და პირქუში ცა დავტოვეთ. თვითმფრინავიდან გადმოსვლისას შავი სათვალე გავიკეთე. ვიღაც თეთრქუდიანი კაცი მომიახლოვადა, ტყის თხილი და ნუში შემომთავაზა. ის დრო გამახსენდა, მე და რაფაელი რომ ვსეირნობდით გიბრალფაროზე, და ახლაც ერთი პარკი თხილი ვიყიდე მისთვის. აეროსადგურის თანამშრომელი ქალი მწვანეში ჩაფლულ აივნისკენ გაგვიძღვა. ტერასაზე უცხოელებს მოეყარათ თავი. მოსაცდელ დარბაზში გავედი. მშობლიურ კილოს ნელ-ნელა ვაჩვევდი ყურს და როცა მუშის ხორხისმიერი, დაბალი, ნაბახურები, მაგრამ სასიამოვნო და რბილი ხმა მომესმა, გული სიხარულით ამიძგერდა: არც არის საკვირველი, მე ხომ ჩემს მალაგაში ვიყავი.
- Hotel confor verigud misis[1].
ამ სიტყვების გაგონებაზე მოვბრუნდი და დავინახე შავტუხა, ტანდაბალი კაცი, ერთი იმათთაგანი, ქუჩაში ქალებს რომ აეკიდებიან და ყურში ქათინაურებს ეჩურჩულებიან ხოლმე.
- Non espansif… Gud, gud[2].
მე ვუთხარი, აქაური ვარ-მეთქი, თანაც მეტი დამაჯერებლობისათვის ისიც დავძინე, ფქვილის სასწორების ქუჩაზე ვცხოვრობ და შეგიძლიათ წმინდა კასტილიურ კილოზე მელაპარაკოთ-მეთქი. მაგრამ მე გვარიანად დამვიწყებოდა მშობლიური კილო და კაცის დაბნეული სახე რომ დავინახე, გამეცინა,
- სინიორა ოტელში მიდის?
- არა, ოტელში რა მინდა, - მხიარულ ხასიათზე დავდექი. მიხაროდა, რომ კვლავ აქ, მშობლიური მზის ქვეშ, მშობლიურ ქალაქში ვიყავი. - ტორემოლინოსში მივდივარ და ტაქსი მჭირდება.
- ამ წუთში მოგართმევთ...
კაცმა ხელი ქუდთან მიიტანა და ვესტიბიულისაკენ გავარდა. მე კი ბარში შევედი და სავარძელს მივაშურე. ჩემს გვერდით ამერიკელი ქალ-ვაჟი იჯდა, ორივეს ვარდისფერი და გამოყეყეჩებული სახე ჰქონდა. იქვე წვერმოშვებული, მსუქანი კაცი, საქონლით მოვაჭრეს რომ ჰგავდა, აბრეშუმის ცხვირსახოცით სახეზე წამდაუწუმ იწმენდდა ოფლს. შუადღე იყო, საშინლად ცხელოდა. მზის სხივები მინებში ატანდა და მოზაიკით მოფენილი იატაკი პრიალებდა.
- სენიორა...
კაცი უკვე დაბრუნებულიყო....