მახასიათებლები
- სათაური: მარიამნა
- ISBN კოდი:
- ავტორი: პერ ლაგერკვისტი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 35
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1825
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
დიდი მეფის ჰეროდეს ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს არავინ იყო ძლევამოსილებით მისაებრ მორჭმული. ასე ფიქრობდა თვითონ და, იქნებ, არც ცდებოდა. მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი იყო, ერთი იმათგანი, ვინც ამ სოფლად დამკვიდრებულა და მისი მოდგმაც და სახსენებელიც მოისპობა და უკვალოდ გაქრება. მაგრამ ჯობს ამ ფიქრს თავი ვანებოთ და ჰეროდეს ამბავი მოგითხროთ.
ეს იყო მეფე იუდეისა და ხალხს არ უყვარდა იგი. სისასტიკისა და იმის გამოც, რომ იდუმეველი იყო და მიტომაც უწესოდ წინდაცვეთილი: იდუმეველთა წესით ხომ მამრობითი სქესის ჩვილს ასოს მხოლოდ ციცქნა ნაწილს აკვეთდნენ ხოლმე. უთვალავი ჩადენილი ავკაცობა აძლიერებდა მისდამი სიძულვილს ხალხისას, და ვიდრე ცოცხალი იყო, ყველა მის სიკვდილს ნატრობდა. მაგრამ აღუგო უფალს ტაძარი, უფრო ბრწყინვალე, ვიდრე ტაძარი სოლომონისა, და ხალხს უკვირდა ეს ამბავი. თუმცა შენობის უბადლო სილამაზეს ვერავინ უარყოფდა, მეფისადმი სიძულვილი მაინც არ ცხრებოდა. მას თვლიდნენ ყველაზე უფრო ღვთისმოძულედ და უსაშინლესად კაცთა შორის, ადამის მოდგმის მტრად მიაჩნდათ და ის ზიზღით, ნაღველითა და ძრწოლით ავსებდა მათ გულებს, ასეთი იყო ხალხის განაჩენი, განაჩენი ჭეშმარიტი და სამართლიანი.
და მას უყვარდა მარიამნა.
თუმცა იერუსალიმში დაიბადა, მისი ნამდვილი სამშობლო უდაბნო იყო, წინაპართა მიწა, რომელმაც დადაღა მათი სული, უდაბნო ცოცხლობდა მასში და ხშირად გრძნობდა მის ძახილსა და საშინელ სიცარიელეს. მაგრამ ცოცხლობდა მასში აგრეთვე წინაპართაგან გამოყოლილი ლაღი, ველური სიხარბე სიცოცხლისა, მკვლელობის ჟინი და სიკვდილის მძაფრი შიში.
და შეჰხაროდა იგი ბრძოლას, ძალადობას, სისხლს, ოფლად გახვითქულ ცხენებს, მტრის გვამებს რომ ქელავენ. ახარებდა ოტებულთა და დაჭრილთა ხილვა, მის მიერ მეომართა მიერ დახელთებული ტყვე ქალები, ყველაფერი ის, რასაც მოგებული ომი იწვევს, ხარობდა მისი გული გამარჯვებებით, ოქროთი, ძალაუფლებით. მაგრამ დამარცხებაც - ესეც ხდებოდა ხოლმე - ლხენით ავსებდა, რადგან ყველასაგან დაფარული სიძულვილი მტრისა გულში უდუღდა და შემთხვევას ეძებდა, რომ უსასტიკეს შურისძიებად...