მახასიათებლები
- სათაური: მასების ამბოხი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ხოსე ორტეგა ი გასეტ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 160
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 6760
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მასების ამბოხი;
შენიშვნები;
მსგავსი წიგნები;
გადაფურცვლა
პირველი ნაწილი
I
თავშეყრილი მასების ბედი
ვინ იცის, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ამჟამად ევროპის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვხედავთ უაღრესად დიდმნიშვნელოვან მოვლენას, კერძოდ, საზოგადოებაში მასების შეუზღუდავი ძალაუფლების დამყარებას. რაკიღა მასებს, თვით თავიანთი ბუნებით, არ შეუძლიათ და ამიტომ არც უნდა მართავდნენ საკუთარ არსებობას და, მით უმეტეს, საზოგადოებას, ეს მოვლენა იმის მომასწავებელია, რომ დღეს ევროპა ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის, რამაც შეიძლება მოიცვას ხალხები, ერები და კულტურები, ისტორიისათვის უცხო როდია ამნაირი კრიზისები. ცნობილია მათი ბუნება და შედეგები; ცნობილია მათი სახელიც: ეს სახელია „მასების ამბოხი“.
ამ მოვლენის არსში საწვდომად ამთავითვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ჩვენ მარტოოდენ პოლიტიკურ მნიშვნელობას როდი ვანიჭებთ სიტყვებს - „ამბოხი“, „მასები“, „საზოგადოებრივი ძალა“. საზოგადოებრივი ცხოვრება მარტო პოლიტიკა კი არა, იმავდროულად, ან - უფრო ზუსტად, - უწინარეს ყოვლისა, ინტელექტუალური, მორალური, ეკონომიკური და რელიგიური ცხოვრებაცაა. ის მოიცავს ადამიანთა თანაცხოვრების ყველა თავისებურებას, მათ შორის, ჩაცმულობის მანერასაც.
უფრო სწორად რომ გავიგოთ ამ ისტორიული მოვლენის არსი, მხედველობით ცდას მივუბრუნდეთ და ჩვენი დროის ერთ-ერთ იმნაირ თავისებურებაზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
ამ მოვლენის შემჩნევა ადვილია, მაგრამ ასევე ადვილი როდია მისი გაანალიზება. მე მას „ხალხის თავმოყრას“ ვუწოდებ. ქალაქები სავსეა ხალხით. სახლები - ბინადრებით, სასტუმროები - მდგმურებით, მატარებლები - მგზავრებით, კაფეები - სტუმრებით, ბულვარები - მოსეირნეებით, სახელგანთქმულ ექიმთა მისაღები ოთახები - ავადმყოფებით, თეატრები, თუ იქ თანამედროვე თემებზე დადგმულ სპექტაკლებს უჩვენებენ, - მაყურებლებით, პლიაჟები - მზის გულზე გასარუჯად გაშხლართული დამსვენებლებით, რაც გუშინ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, დღეს თითქმის მუდმივი პრობლემაა: თავისუფალი ადგილები არ არის.
ჩვენს ცხოვრებაში...