მახასიათებლები
- სათაური: მედეა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ევრიპიდე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 24
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3308
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მედეა;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
მედეა
მოქმედნი პირნი:
ძიძა
კრეონი, კორინთოს მეფე
მედეას ორი შვილი
გამზრდელი
იასონი, მედეას ქმარი
ეგევსი, ათენის მეფე
მედეა, კოლხეთის მეფის, აიეტის ასული
მაცნე
მედეას მსახური ქალები
მეფეთა ამალა
მოქმედების ადგილი:
კორინთო
პროლოგი
მედეას სახლი კორინთოში
ძიძა - ო, ნეტა, გზა შეეკრათ პირქუშ სიმპლეგადებს და კოლხეთის ნაპირს არ მისდგომოდა ხომალდი არგო; არც არასოდეს წაექციათ ვეება ფიჭვი პელიონის უსიერ ტევრში და კეთილშობილ ვაჟკაცთა ნიჩბებად არ დაეთალათ, არც ოქროს საწმისი მიერთმიათ პელიასისთვის. მაშინ ხომ არც ჩემი ქალბატონი - იასონის ტრფობით მონუსხული მედეა მიაშურებდა იოლკოსის ციხესიმაგრეს, არც მშობელ მამას მოაკვლევინებდა პელიასის ასულთ და აღარც იძულებული გახდებოდა, ქმარ-შვილითურთ კორინთოში ეძებნა თავშესაფარი. თუმც განდევნილმა თავი კი შეაყვარა მოქალაქეებს და მორჩილად მსახურებდა იასონს (ნეტა, იმ ოჯახს, სადაც სიამტკბილობით ცხოვრობს ცოლ-ქმარი), მაგრამ, ვაი, რომ ბედმა უმუხთლა საბრალოს და შეუბღალა წმინდა კავშირი. იასონი ცოლად ირთავს კორინთოს მბრძანებლის, კრეონის ასულს, ვის სარეცელსაც ანაცვლა მთელი ოჯახი, ჩემს ქალბატონსაც უღალატა და თავის შვილებსაც. სვედავსილი მედეა ხმამაღალი ქვითინით იხსენებს ფიცს და ხელაპყრობილი უკვდავ ღმერთებს მოუხმობს იასონის სიმუხთლის მოწმედ. უსმელ-უჭმელი წევს სარეცელზე, ტკივილად ქცეული სხეულით დღედაღამ მოსთქვამს, მეუღლის მიერ მოყივნებული; თვალცრემლიანი ჩაშტერებია მიწას, როგორც კლდოვანი კბოდე ისხლეტავს ტალღებს, პირგამეხებული ყურად არ იღებს მეგობრების რჩევას. მხოლოდ ხანდახან თუ იბრუნებს პირს, უმწეოდ გადაიგდებს ქათქათა ყელს და ტირილით იგონებს ძვირფას მამას, მშობლიურ მხარეს და თავის ახლობლებს, რომლებსაც უღალატა, რათა გაჰყოლოდა უღირს კაცს, ვინც ასე სასტიკად შეურაცხყო იგი. უბედურებამ ასწავლა ბედკრულს დაკარგული სამშობლოს ყადრი. შვილებიც კი მოიძულა, უწინდებურად აღარ...
ევრიპიდე
ევრიპიდე (დაახლ. 480-406 ჩვ. წ.ა.) - ძველი ბერძენი ტრაგიკოსი ათენიდან, ერთ-ერთი მათგანი, ვისი შრომებიც შემორჩენილია. ყველაზე ცნობილ დრამებს შორისაა „მედეა“, „იპოლიტოსი“, „ელექტრა“, „ტროელი ქალები“, „ბაკქელები“.