მახასიათებლები
- სათაური: მიწის ყივილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 20
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2643
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
მიწის ყივილი;
სხვა საინტერესო წიგნები;
გადაფურცვლა
ექიმმა გამსინჯა და მითხრა:
- ძალიან დაღლილხართ. უნდა დაისვენოთ, გადით პარიზიდან - ან ზღვისკენ გაისეირნეთ, ან პალმებს შეეხიზნეთ. თითიც აღარ გაანძრიოთ: სჭამეთ, სვით, იხეტიალეთ, იბანავეთ და იგორავეთ. თქვენი წამალი მარტო ეს არის. ორევუარ!
პარიზს ვერ მოვწყდებოდი. ვიღაცამ მირჩია ნოჟანი.
საკვირველია: სადაც ზღვა სისხლი დაიღვრება, იმ ალაგს რაღაც იდუმალი ძალა მიეცემა: მისი სახელი მთელ ქვეყანას მოედება და ისტორიაშიც დარჩება. ყველას იზიდავს და იპყრობს იგი, თუნდაც უდაბური, მიუსაფარი და მიუვალი იყოს.
ალბათ ამიტომ ავირჩიე მდინარე მარნა და მის ნაპირზე გაშლილი ნოჟანი. პატარა ქალაქია. პარიზის გარეუბნიდან ერთი საათის სავალი ძლივს იქნება. თუნდ შარანტონის ჭალებს აჰყევით, გინდ ვერსენის ტყე გადასჭერით - უმალ ამ ქალაქს წააწყდებით.
აღარ დავაყოვნე: ერთი ოთახი - "პტი შამბრ" დავიქირავე და ექიმის დარიგებას გავყევი: დილით-საღამომდე თითსაც აღარ ვანძრევ. ვჭამ, ვბორიალებ, მწვანეზე ვგორაობ და ნახევარ დროს მარნასა და მის ნაპირებზე ვატარებ.
არსად მინახავს ასეთი მდინარე - რონა თუ შეედრება. ღრმა და განიერ არხს მომაგონებს: დინჯი, მშვიდი, ზანტი და ანკარა. მუდამ სთვლემს, იზმორება, ილოღნება. ზედაპირზე ჩალის ერთ ღერსაც იშვიათად მოსძებნით, ხოლო ფსკერი - მუქი და დახავსილი - ნათლად და მკაფიოდ მოსჩანს, როგორც კენჭი ჭიქის ძირში.
პატარა ქალაქს ბაღიც პატარა აქვს, სამაგიეროდ ჩრდილოვანი, სუფთა და მყუდრო.
ერთხელ, ნასადილევს, სანამ საბანაოდ ჩავიდოდი, ამ ბაღში შევიხედე. ვეება წაბლის ქვეშ გრილი ბინდი ჩაწოლილა. ხის ჩრდილში გრძელი სკამი მოსჩანს. მივედი და დავჯექი. ქვიშნარ გზაზე ღრმა მოხუცი მოდის - ჩანჩალით და ცანცარით. უფრო მოეთრევა, ვიდრე მოდის და ერთ ფეხსაც კონკილასავით მოათრევს. ხელში კოჟრიანი ჯოხი უჭირავს. ძნელი სათქმელია: ჯოხი ჰშველის მომავალს, თუ მოხუცი ჯოხს. ორივენი ძლივს მოფარფატებენ. პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ჩრდილში რომ შემოვიდა, უცბათ შესდგა - გამწყრალი თუ გაოცებული. მთრთოლვარე ხელით თვალები დაიჩრდილა და მომაშტერდა. მე ვზივარ და ვუმზერ....
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.