მახასიათებლები
- სათაური: მკვლელები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერნესთ ჰემინგუეი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები: 8
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3034
- რეიტინგი: 4.5
სარჩევი
გადაფურცვლა
ჰენრის სასადილოს კარი გაიღო და შიგ ორი მამაკაცი შემოვიდა. ისინი დახლს მიუსხდნენ.
- რას ინებებთ? - ჰკითხა მათ ჯორჯმა.
- არ ვიცი, - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. - რას აიღებ, ელ?
- არ ვიცი, - თქვა ელმა. - არ ვიცი რა მინდა.
გარეთ ბინდდებოდა. ფანჯრის მიღმა ქუჩის განათება ჩაირთო. დახლთან მსხდომ ორ მამაკაცს მენიუ ეჭირა. მეორე ბოლოდან მათ ნიკ ადამსი აკვირდებოდა. იგი ჯორჯს ესაუბრებოდა, როცა ისინი შემოვიდნენ.
- ღორის შემწვარი ფილე მომიტანე ვაშლის საწებლით და კარტოფილის პიურე, - თქვა პირველმა მამაკაცმა.
- ჯერ არ არის მზად.
- მაშინ რა ეშმაკად ჩართე მენიუში?
- ეს სადილია, - აუხსნა ჯორჯმა. - სადილი ექვსი საათიდან იწყება.
ჯორჯმა საათს ახედა, რომელიც კედელზე ეკიდა დახლის უკან.
- ახლა ხუთი საათია.
- საათზე ექვსის ოცი წუთია, - თქვა მეორე მამაკაცმა.
- ოცი წუთით წინ არის.
- ეშმაკსაც წაუღია საათი. - თქვა პირველმა. - რას გვთავაზობ?
- შემიძლია მოგართვათ ნებისმიერი სახის სენდვიჩი, - თქვა ჯორჯმა. - შეგიძლიათ აიღოთ ტაფამწვარი ლორით, ტაფამწვარი ბეკონით, ღვიძლი და ბეკონი, ან სტეიკი.
- მომიტანე ქათმის კროკეტები მწვანე მუხუდოთი და ნაღების საწებლით, და კარტოფილის პიურე.
- ეს სადილია.
- რასაც ვითხოვთ, ყველაფერი სადილია, არა? მაგრად მუშაობ.
- შემიძლია მოგართვათ ტაფამწვარი ლორით, ტაფამწვარი ბეკონით, ღვიძლი...
- მე ავიღებ ტაფამწვარს ლორით, - თქვა მამაკაცმა, რომელსაც ელი ერქვა. მას ქვაბ-ქუდა ეხურა და მკერდზე შეკრული შავი პალტო ეცვა. პატარა, თეთრი სახე და შეკრული ტუჩები ჰქონდა, აბრეშუმის კაშნე ეკეთა და ხელთათმანები ეცვა.
- მომიტანე ტაფამწვარი ბეკონით. - თქვა მეორე მამაკაცმა. იგი დაახლოებით იმავე სიმაღლის იყო, რაც ელი. სახეები განსხვავებული ჰქონდათ, მაგრამ როგორც ტყუპები, ისე იყვნენ შემოსილები. ორივეს ძალიან ვიწრო პალტო ეცვა. წინ გადახრილები, იდაყვებით დახლს ეყრდნობოდნენ.
- გაქვს რამე სასმელი? - იკითხა ელმა.
- ლუდი, ბევო, ტონიკი. - თქვა ჯორჯმა.
- მე სასმელი ვიგულისხმე.
- მხოლოდ ის, რაც გითხარით....