მახასიათებლები
- სათაური: მოხუცი და ზღვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერნესთ ჰემინგუეი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 61
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4751
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მოხუცი და ზღვა;
შენიშვნა;
გადაფურცვლა
მოხუცი სრულიად მარტო თევზაობდა თავისი ნავით გოლფსტრიმში. ოთხმოცდაორი დღე ზედიზედ გადიოდა ზღვაზე და ერთი თავი თევზიც ვერ დაიჭირა. პირველ ორმოც დღეს თან ახლდა ბიჭი. მაგრამ დღეები დღეებს მისდევდა და თევზს ვერ იჭერდნენ. ამიტომ მშობლებმა უთხრეს ბიჭს, მოხუცი ახლა უეჭველად salao-ა, ესე იგი „ყველაზე უიღბლო კაცია მთელ ქვეყანაზეო“ და უბრძანეს ზღვაზე გაჰყოლოდა სხვა ნავს, რომლითაც პირველსავე კვირაში მართლაც მოიტანეს სამი კარგი თევზი. ბიჭს გული უკვდებოდა, როცა ხედავდა, რომ მოხუცი ყოველდღე ხელცარიელი ბრუნდებოდა. ბიჭი მიდიოდა ნაპირზე და ეხმარებოდა მოხუცს, რომ სახლში წაეღოთ სათევზაო ხელსაწყო, ჭვილთი, ჭანგი და ანძაზე დახვეული აფრა. აფრას ბევრგან ჰქონდა დაკერებული ფქვილის ტომრის ნაჭრები; დახვეული აფრა გაგონებდათ სასტიკად დამარცხებული ჯარის დროშას.
მოხუცი გამხდარი და ჩამომჭკნარი იყო, კეფა ღრმა ნაოჭებით ჰქონდა დაღარული, ხოლო ლოყებზე კანის კიბოს ჟანგისფერი ლაქები ეყარა. კანის ეს კიბო, რომელსაც ტროპიკული ზღვის ზედაპირზე არეკლილი მზის სხივები იწვევს, საშიში არ არის. მოხუცს ლაქები ყელამდე მოსდებოდა, ხელებზე კი ღრმა იარები გასჩენოდა თოკისაგან იმ დროს, როდესაც დიდი თევზები ამოჰყავდა ზღვიდან. ეს იარები ძველი იყო, როგორც დიდი ხნის უწყლო უდაბნოს დახეთქილი მიწა.
მოხუცს ყველაფერი ბებრული ჰქონდა, გარდა თვალებისა, მისი ზღვისფერი თვალები კი გაუტეხავი კაცის მხიარული თვალები იყო.
- სანტიაგო, - უთხრა ბიჭმა, როდესაც ამოდიოდნენ ნაპირიდან, სადაც ნავი იყო დაბმული, - ახლა შემიძლია შენთან ერთად ვიარო ზღვაზე. ჩვენ უკვე ვიშოვეთ ცოტა ფული.
მოხუცმა ასწავლა ბიჭს თევზაობა და ბიჭს უყვარდა მოხუცი.
- არა, - უპასუხა მოხუცმა, - შენ იღბლიან ნავზე მოხვდი. დარჩი მაგ ნავზე.
- გახსოვს, ერთხელ შენ ოთხმოცდაშვიდ დღეს დადიოდი ზღვაზე და ვერაფერი დაიჭირე. მერე კი ჩვენ სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე მოგვქონდა დიდრონი თევზები.
- მახსოვს, - უთხრა მოხუცმა, - ვიცი, შენ ჩემგან იმიტომ კი არ წასულხარ, რომ ჩემზე გული გაგიტყდა.
- მამამ მაიძულა. მე კი ჯერ პატარა ბიჭი ვარ და მამას...