მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: გივი მერაბიშვილი
- გამომცემელი: ფსიქოთერაპიული ცენტრი Arsi
- გამოცემის თარიღი: 2013
- ენა: ქართული
- გვერდები: 49
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1003
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
ბირჟა
ჩემოდანი
იტალიური ეზო
ლოდინი
მძიმე ხასიათი
ხალხი და ხელისუფალი
ზარატუსტრა
ზებრა
ბირჟა
ეძღვნება ადრე წასული
მეგობრების ხსოვნას.
მზიანი, მაგრამ უკვე სუსხიანი გვიანი შემოდგომის შუადღეა. ქუჩა ივსება სამძიმარზე მისული ხალხით. იგრძნობა კაცების სიმრავლე. უმეტესობა საშუალო ასაკს გადაცილებული და გაჭაღარავებულია. მათ შორის ჭარბობს გამელოტებული, სახედანაოჭებული და ჯანგატეხილნი. ზოგს ჯერ კიდევ ყინჩად უჭირავს თავი, წელგამართული და მხრებგაშლილია.
უმეტესობა ერთმანეთს იცნობს. მეგობრული გადახვევით და მხრებზე მოთათუნებით გამოხატავენ მისალმებას.
- კიდევ ერთი ძმა და მეგობარი დავკარგეთ. –თქვა ამოოხვრით სანდრომ. -ვინ იცის, იქნებ შემდეგი მე ვიყო.
- ჯერ ასაჩქარებელი არაფერია, შენც და ჩვენც აქ უფრო საჭირო ვართ.
- რამდენი კაი ბიჭი წავიდა და ნეტა თუ დიდხანს შემორჩება მათი სახელი?
- სანამ ჩვენ ვართ, ძმაო, გავიხსენებთ, მერე კი რა გითხრათ?!
- ეს ბიჭები ჩვენი ქალაქის ისტორიას ქმნიდნენ და კარგი იქნება, თუ ვინმე ამას აღწერს. იქნებ რომელიმე მწერალს ვთხოვოთ.
- ისეთი ვინმე უნდა იყოს, ვინც ამ ბიჭებთან ერთად ქუჩის აკადემია გაიარა.
- ეს ხალხი მართლა ღირსია არდავიწყების, რამდენადაც ბევრი მათგანი უბრალოდ ბირჟავიკი კი არ იყო, არამედ მომავალი კარგი ექიმი თუ ინჟინერი, მეცნიერი თუ ხელოვანი, სპორტსმენი, პარლამენტარი და ა.შ.
გასვენებას ქელეხი მოყვა, სადაც წასული მეგობრებიც გაიხსენეს. შემდეგ სუფრიდან აშლილებმა კიდევ გააგრძელეს ამ თემაზე საუბარი, რამაც ბევრი თითქოს მტვერწაყრილი ფაქტი აღადგინა.
ეს ვითარება გიას ძლიერ დამუხტვას იწვევდა და გადაწყვიტა ეცადა განვლილი მოვლენების და ცნობილი ბიჭების ნამოქმედარის აღწერა.
რამდენადაც ბირჟებს ზოგადი ხასიათი ჰქონდა, ბუნებრივად დაისვა კითხვა, თუ რა იყო მათი შექმნის მიზეზი, როგორი სტილით ხასიათდებოდა...