მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეგნატე ნინოშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2716
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
განკარგულება;
გოგია უიშვილი;
მოსე მწერალი;
პალიასტომის ტბა;
პარტახი;
სიმონა;
ქრისტინე;
ჩვენი ქვეყნის რაინდი;
გადაფურცვლა
სარჩევი
განკარგულება
გოგია უიშვილი
მოსე მწერალი
პალიასტომის ტბა
პარტახი
სიმონა
ქრისტინე
ჩვენი ქვეყნის რაინდი
განკარგულება
მშვენიერი საღამო იყო. უსაზღვრო ცის ლურჯი კამარა დილის დამატკბობელი სიმშვიდით დაჰყურებდა იაკამად დადუმებულს მწვანე არემარეს. მაისის გრილი ჰაერი სიცოცხლეს ჰფენდა ცასქვეშეთს. მთელი დღის განმავლობაში მუშაობით მოქანცულმა კაცია მუნჯაძემ მიაყუდა თოხი კუთხეში, დაჯდა სახლის წინ ბელტზე და დაუძახა ცოლს:
- კესარიავ, თუ ქალი ხარ, დროზე გააკეთე ვახშამი! ისე ვარ მოღალული, რომ ძვალი ცაკე მაქ და რბილი ცაკე.
კაციას უმცროსმა ბავშვებმა გაიგონეს მამის ხმა თუ არა, ბაბაი მოსულა ყანიდანო, დაიძახეს, გამოცვივდნენ გარეთ პატარა, ქოხის მსგავსი სახლიდან და შემოეხვიენ თავიანთ საყვარელ ბაბას. უმცროსები ერთი იქით დაუჯდა მუხლზე და ერთი აქეთ, მესამე ბავშვი წინ გაუჩერდა და წვერების ფურჩქვნა დაუწყო. ბაბა წითელი პელანგი მომიტანე? - ეკითხებოდა სულ უმცროსი, ორწლინახევრის ვაჟი. ხვალ, ხვალ მოგიტან, შვილო! - დაჰპირდა კაცია პაწია შვილს და ალერსიანად მიიკრა გაოფლიანებულ შიშველ მკერდზე. ამასობაში კარზე მოდგა კაციას მეუღლე კესარია, ჯერ კიდევ ყმაწვილი, ლამაზი სახის ქალი და უთხრა ქმარს:
- პაწაი კიდევ და, ჰა, ახლავე გამოცხვება მჭადი.
კესარია ხედავდა, რომ ქმრის დაფლეთილი პერანგი, რომელშიაც ბევრგან მოჩანდა მზისგან დამწვარი წითელი კანი, ერთობ ოფლით იყო დასველებული. ამიტომ თვითონაც ჩქარობდა, ადრე მიერთმია ქმრისთვის ვახშამი და მოესვენებია ეს შრომით დამაშვრალი ადამიანი.
- ე, კიღამ დამავიწყდა, სამშაფათს გამთენიერე მე და დათიამ გასაყიდი სიმინდი უნდა წევიღოთ ურმით. ურემი პეტრიას გამოვართვით ქირაზე. ცალი ხარი დათიესი იქნება და ცალი ჩვენი. - უთხრა კაციამ ცოლს.
- მადლობა ღმერთს! ამ საცოდავ ბაღნებს ერთს დავმოსავდეთ, თვარა მეტი რა მინდა! - სიხარულით თქვა კესარიამ. - სხვაი სხვათა და მარინაის სიცოდვემ თლა მომკლა ქალი. გუშინ, შვილო მთელი დღეი იტირა: ამხელა ქალი ვარ და ხორცის დასაფარავი აფერი მაქო....