მახასიათებლები
- სათაური: მოზვრიკუდას სურნელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უილიამ ფოლკნერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 29
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2071
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ის-ის იყო ვახშმის შემდეგ ჩემს ოთახში ავედი, მაგიდას მივუჯექი, ლამპა ავანთე, კოკის წიგნი გადავშალე, და დერეფანში პროფესორ უილკინსის ფეხის ხმაც გაისმა, მერე, ერთი წამით, ეტყობა, როცა უკვე კართან მოვიდა და სახელურს ჩაავლო ხელი, სიჩუმე ჩამოვარდა, და აი მაშინ კი, ყველაფერს უნდა მივმხვდარიყავი. ხალხს სულ წინათგრძნობა აკერია პირზე, მაგრამ მე, არავითარი წინათგრძნობა არ გამჩენია. კარგად მესმოდა, როგორ ამოათავა კიბე, როგორ გამოიარა დერეფანი, და მაინც, მისმა ფეხის ხმამ არაფერი მამცნო, არაფერი მანიშნა, ალბათ იმიტომაც, არასოდეს რომ არ შემოსულა ჩემთან დაუკაკუნებლად, ისევე, როგორც მე არ შევსულვარ დაუკაკუნებლად არც მისი და არც მისი ცოლის ოთახში, თუმცა, უკვე მესამე წელი იყო, რაც მათ ჭერქვეშ ვცხოვრობდი და ორივენი, შინაურულად, ბაიარდს მეძახდნენ. უცბად შემოგლიჯა კარი. გააფთრებით, თითქოს, დიდი ყოყმანის შემდეგ, მაინც მიაფურთხა, მაინც შეაქცია ზურგი ყველაფერ იმას, რასაც, აგერ უკვე ამდენი ხნის მანძილზე, თავის მოწაფეებს უნერგავდა. იდგა მოფრიალებულ კარებში და ერთსა და იმავეს იმეორებდა: შვილო, ბაიარდ, ჩემო საყვარელო შვილო ბაიარდო.
ნამდვილად წინასწარ უნდა მცოდნოდა, მზად უნდა ვყოფილიყავი; ან, იქნებ, ვიყავი კიდეც მზად, რადგან, მახსოვს, სანამ წამოვდგებოდი, ფრთხილად დავხურე წიგნი და გვერდიც კი დავინიშნე. ის (პროფესორი უილკინსი) ოთახში დაფუსფუსებდა, ფაციფუცობდა; მერე, ქუდი და ლაბადა მომაწოდა, მეც ჩამოვართვი და თუმცა ლაბადა არაფერში მჭირდებოდა, უკვე მაშინ ვფიქრობდი (ოქტომბერი იდგა, ოღონდ, დღე და ღამე ჯერ არ გათანაბრებულიყო), იქამდე აგრილდება, იქამდე დაიწყება წვიმები, ვიდრე ამ ოთახს კვლავ დავუბრუნდი და, ამიტომ, ლაბადაც აქეთობისას გამომადგება-მეთქი გზაში; რა თქმა უნდა, თუკი როდესმე დავბრუნდებოდი. თან იმასაც ვფიქრობდი, ღმერთო, ნეტავი ახლა გუშინდელი დღე იყოს-მეთქი, ნეტავი გუშინ შემოეგლიჯა-მეთქი ეს კარი, ასე, გაუფრთხილებლად, დაუკაკუნებლად, რათა მანამდე ჩამესწრო, მანამდე ჩავსულიყავი იქ, ვიდრე მოსახდენი მოხდებოდა, მის გვერდით მაინც ვიქნებოდი, საცა არ უნდა ყოფილიყო, საცა არ უნდა მდგარიყო, საცა...