მახასიათებლები
- სათაური: მშვიდობით, იარაღო!
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერნესთ ჰემინგუეი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 209
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2288
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მშვიდობით, იარაღო!;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
წიგნი პირველი
თავი I
იმ წელიწადს, ზაფხულის მიწურულში, სოფლად ვიდექით. ჩვენი სახლი გადასცქეროდა ველზე გაწოლილ მდინარესა და მინდვრის იქით აღმართულ მთებს. მდინარის გასწვრივ, რიყეზე, კენჭი და ხვინჭა ეყარა, მზეზე გამშრალი და გადათეთრებული. წყალი სწრაფი და ანკარა იყო, და კალაპოტში ლურჯი ჩანდა. სახლის წინ, შარაგზაზე, მიდიოდნენ და მიდიოდნენ ჯარის ნაწილები. მათგან დაყენებული მტვერი ფენა-ფენად ედებოდა ხეთა ფოთლებს, და თვით ხეებსაც მტვერი ეფინა. ფოთლებმა ადრე იწყეს ცვენა იმ წელიწადს და ჩვენ ვხედავდით მწყობრად მიმავალ ჯარს, მტვრის კორიანტელს, ნიავით აფარფატებულ ფოთოლთა ცვენას, გაჯგიმულ ჯარისკაცებს. მერე კი დაცარიელებულსა და მტვრისაგან გადათეთრებულ გზაზე ფოთლებიღა ეყარა.
ყანებითა და ხეხილის ბაღებით მოფენილ ველს გატიტვლებული, მურა მთები გადმოჰყუდებოდა. მთებში ბრძოლები იყო გაჩაღებული და ღამ-ღამობით ვხედავდით, როგორ ელავდა არტილერიის ცეცხლი: სიბნელეში ზაფხულის ელვა-ქუხილს მოგაგონებდათ, მაგრამ გრილი ღამეები იდგა და ქუხილის მოახლოების ნიშანწყალიც კი არ იგრძნობოდა.
სიბნელეში ზოგჯერ გვესმოდა, როგორ ჩაუვლიდნენ ჯარის ნაწილები ფანჯარას და როგორ მიათრევდნენ ტრაქტორები ზარბაზნებს. ღამღამობით მოძრაობა მატულობდა. განუწყვეტლივ მიედინებოდნენ ტყვია-წამლის ყუთებით დასაპალნებული ჯორები, ჯარისკაცებით გატენილი რუხი ავტომობილები; ტილოგადაფარებული დატვირთული საბარგო მანქანები უფრო მძიმედ მიდიოდნენ. დიდ ქვემეხებს დღისითაც მიათრევდნენ ტრაქტორებით, გრძელი ლულები მწვანე რტოებით და ტრაქტორებიც ფოთლოვანი ტოტებითა და ვაზით იყო დაფარული. ჩრდილოეთით ჩვენ გადავყურებდით მინდორს და წაბლნარს, რასაც, მდინარის გამოღმავე, მეორე მთა ესაზღვრებოდა. ბრძოლა ამ მთის ასაღებადაც გაეჩაღებინათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. შემოდგომაზე, როცა წვიმები დაიწყო, წაბლის ხეებს სულ დასცვივდა ფოთლები, ტოტები გატიტვლდა და წვიმამ გააშავა. ვენახიც შეიფერთხა და განიძარცვა, ირგვლივ შემოდგომის სინოტივე, სირუხე და უსიცოცხლობა გამეფდა. მდინარეს ნისლი ებურა,...