მახასიათებლები
- სათაური: ნიუ იორკის ფერები
- ISBN კოდი:
- ავტორი: თეოდორ დრაიზერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 26
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2313
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
ჩემი ოცნების ქალაქი
იგი უხმო იყო, ჩემი ოცნების ქალაქი, სულ მარმარილოდან გამოთლილი და დიადი, შეიძლება ეს იმიტომ იყო, რომ მაშინ მე არაფერი ვიცოდი ადამიანთა მასების შესახებ, სიღატაკეზე და იმ ქარიშხალზე, რომელიც ცხოვრების გზებს აფორიაქებს. ის ქალაქი საოცარი იყო - უზარმაზარი, მშვენიერი და მკვდარი. თუჯის მსუბუქი ხიდები იქ ჰაერში დაკიდებულიყო. ქუჩები ხევებსა ჰგავდა. კიბის თვლები მშვენიერი მინდვრებისაკენ გიტაცებდნენ, რომ შემდეგ ჩაეყვანეთ საოცარ სიღრმეებში, სადაც უსაზღვრო მდუმარება სუფევდა. იქ იყო ბაღები, ყვავილ-ნარები და მდინარეები.
და აი, ოცი წლის შემდეგ იგი სინამდვილეში წარმომიდგა თვალწინ, თითქმის ისეთივე მშვენიერი, როგორც სიზმარში - მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მასში სდუღდა და გადმოდიოდა სიცოცხლე. მასში შეერთებულიყო ოცნება, აღტაცება, სიტკბოება, საშინელება და წყევლა. მის ბილიკებზე, მოედნებზე, მიწის ქვეშა გზებზე მიჰქროდა, ჩქეფდა და წვეთავდა მრავალი ცოცხალი არსება, რომელსაც არ იცნობდა ჩემი ოცნების ქალაქი.
ნიუ-იორკში მე ყველაფერზე უფრო მაინტერესებდა მაშინ, მაინტერესებს ეხლაც - (როგორც ყველა სხვა დიდ ქალაქში, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ უზარმაზარში, როგორიცაა ნიუ-იორკი) - ის მძაფრი წინააღმდეგობა, რომელიც არის ყოველდღიურსა და საზეიმოს, ძლიერსა და სუსტს, მდიდარსა და ღარიბს, ბრძენსა და უვიცს შორის. შეიძლება, ეს დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრად მეჩვენებოდა მე მეტად მრავალ თვალსაჩინო მაგალითთა სიმრავლის გამო, რადგან, ბოლოს და ბოლოს, კაცობრიობა ყველგან ერთი და იგივეა. მაგრამ აქ ჩემ წინ მეტად უხვი არჩევანი იყო: აქ ძლიერი მართლაც ძლიერი იყო, სუსტი - მართლა სუსტი, მეტად სუსტი იყო... და ესენი მეტადა ჭარბობდნენ.
მე ოდესღაც ვიცნობდი ერთს საწყალს, თითქმის ჭკუიდან გამოსულ, ბეჩავ მკერავ ქალს, რომელიც პაწაწინა, სიგრძით სამადლიან „დგამით მოწყობილ“ ოთახში ცხოვრობდა, მივარდნილ ჩიხში და სადილს თვითონვე ამზადებდა სპირტის ქურაზე.
- მე მირჩევნია ამ ბოსელში ცხოვრება ოღონდ ნიუ-იორკში ვიყო, ვიდრე თხუთმეტი ოთახი მქონდეს სადმე პროვინციაშიო,...