მახასიათებლები
- სათაური: ობსესია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბოკო ჭიღლაძე
- გამომცემელი: ბოკო ჭიღლაძე
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 71
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1864
- რეიტინგი: 4.9
გადაფურცვლა
თავი პირველი
გამარჯობა, მე კოსტა არაბული ვარ. ეს-ესაა სააბაზანოდან გამოვედი. ისეთი ყაყანი იყო, ტვინი ამიფეთქდა. არაფერი მიქნია, 10 წუთი შევისვენე. სასტუმრო ოთახში დავბრუნდი. მამაჩემი „მთავარს“ უყურებდა.დედაჩემს ახალი შეკვეთა მიეღო, ზიზილ-პიპილოებით გაწყობილ კაბას , კიდეებს უსწორებდა. წიგნში მოჩვენებითად თავჩავარდნილი ჩემი და, ყოველ წუთში გვერდით დადებულ ტელეფონს გახედავდა ხოლმე. ტელევიზორსა და დივანს შორის უხერხულად გავძვერი, მამაჩემი დაჰიპნოზებულიყო. გამონაცვალი შარვლის ჯიბეებს ჩხრეკა ისე დავუწყე, გიას ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს.
- მოდი , მე მაქ ,- აივნიდან თენგოს ხმა მომესმა. ჩემს ძმას გვერდით ამოვუდექი და სიგარეტი გამოვართვი. ტანზემოთ გახდილს კოღოები ესეოდა. ერთ-ორ ღრმა ნაფაზს დაარტყამდა , მერე გაშლილ ხელს ხან მუცელზე, ხან ზურგზე, ხან კიდევ კისერზე მიიტყაპუნებდა ხოლმე და მოწევას განაგრძობდა. დღეს რაღაც ჭრელი შორტი ამოექექა. 29 წლის კაცი, დილით სახელდახელოდ დაუთოებულ პერანგსა და შარვალს ტანზე ირგებს, სამსახურში მიდის, იმაზე მეტს აკეთებს რასაც ავალებენ , სახლში გადაქანცული ბრუნდება და სასაცილო, ლურჯ-ყვითელ შორტს იცვამს. ისე შევეგუე მის სერიოზულ იმიჯს, დაყენებულ ხმას, შერჩეულ მიმიკებს, სადაცაა თქვენობით ვესაუბრო. თავი ზოგჯერ მოვალე მგონია ხოლმე, ლამისაა ვუთხრა: ბატონო თენგო, თანხას დღის ბოლომდე უსიკვდილოდ დავფარავ, ოღონდ სახლიდან არაფერი წაიღოთ-მეთქი. ადგილები გავცვალეთ. აივნის კიდისკენ გადავინაცვლე. ასე გიასთვის და სოფოსთვის შეუმჩნეველი ვიყავი.
ჩვენ წინ ნაძვებში ჩაფლულ ეკლესიას თვალი შევავლე. ვისი სახელობისაა ნაღდად არ მახსოვს. ნაძვნარში, ეკლესიის გარდა ბევრ რამეს ნახავთ. მაგალითად, 3-4 ძაღლს , რომელთაგან სულ მცირე ერთს მაინც აქვს ყურზე ნიშანი. მათ გვერდზე ატუზულ წყვილს , რომელიც კოცნით არადა არ იღლება. ისეთი საშინელი სანახავია, თავი შეგძულდება. კოცნა, ჩახუტება, ლაქლაქი, ხმაურიანი სუნთქვა, ისევ კოცნა, ფეხზე წამომდგარი ბიჭი და ტრაკზე აყოლილი ფიჭვების ხელით ჩამოშორება. კოცნის მეტს...