მახასიათებლები
- სათაური: პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?
- ISBN კოდი:
- ავტორი: იმანუელ კანტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 5
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2958
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?
გადაფურცვლა
განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა უუნარობაა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება! – ესაა განმანათლებლობის ლოზუნგი.
სიზარმაცე და სილაჩრე – ესაა მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი, მას შემდეგ, რაც ბუნებამ ისინი კარგა ხნის წინ გაათავისუფლა უცხო ხელმძღვანელობისგან, მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრება უმწიფრად რჩებიან; და რომელთა გამოც მათ მეურვეებად ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები. უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემს მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს. მეურვეები, რომლებმაც ასე კეთილად აიღეს საკუთარ თავზე ზედამხედველობის საქმე, იმაზე ზრუნავენ, რომ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა (მათ შორის მთელმა მშვენიერმა სქესმა) ეს რთული ნაბიჯი სიმწიფისკენ საშიშადაც ჩათვალოს. მას შემდეგ, რაც მეურვეებმა საკუთარ შინაურ პირუტყვს ჯერ ჭკუა გამოაცალეს და საგულდაგულოდ უზრუნველყვეს, რომ ეს მშვიდი არსებანი ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამენ საბავშვო ეტლის გარეშე, რომელშიც ჩაკეტილები არიან – ყოველივე ამის შემდეგ ისინი მათ საფრთხეს აჩვენებენ, რომელიც ემუქრებათ, თუ მარტო გავლას შეეცდებიან. არადა, ეს საფრთხე ასე დიდი სულაც არაა, რადგან რამდენიმე დაცემით ისინი საბოლოოდ სიარულს ისწავლიდნენ. მაგრამ ამ სახის მაგალითი ადამიანებში გაუბედაობას იწვევს და მათ, ჩვეულებრივ, შიშის გამო სხვა მცდელობებისგან ხელს აღებინებს.
ასე რომ, თითოეული ადამიანისთვის რთულია გამოაღწიოს მისთვის ლამის უკვე ბუნებად ქცეული უმწიფრობიდან. მან ეს მდგომარეობა თითქმის უკვე შეიყვარა...
იმანუელ კანტი
იმანუელ კანტი (22.04.1724-12.02.1804) - გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე აზროვნების ცენტრალური ფიგურა. მის შეხედულებებს დღვანდელ დღემდე დიდი გავლენა აქვთ მეტაფიზიკაზე, ეპისტემოლოგიაზე, ეთიკაზე, პოლიტიკურ თეორიასა და ესთეტიკაზე.