მახასიათებლები
- სათაური: პატარა კახი
- ISBN კოდი:
- ავტორი: აკაკი წერეთელი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3054
- რეიტინგი: 2.7
გადაფურცვლა
ხუთმოქმედებიანი ისტორიული დრამა
მოქმედნი პირნი:
კახეთის მეფე თეიმურაზ II;
დედოფალი თამარ - მისი მეუღლე;
პატარა-კახი - მისი ძე, მემკვიდრე;
გივი ჩოლოყაშვილი - პატარა-კახის გამზრდელი;
ლევან ქვაბულიძე;
რევაზ ბებურიშვილი;
მწყემსი;
მოხუცი ბრმა - გელად წოდებული;
ტურფა - მისი ქალი;
თედო რამაზიშვილი - რევაზის მსახური;
ელენე - ლევანის და;
ბაადურ-კუტი;
მუშები;
შიკრიკები და ამალა;
მოქმედება პირველი
დიდი ტყე, წინ ვაკით. შორით უზარმაზარი მთები მოსჩანან. ერთ პატარა გორაზე ზის მწყემსი და სალამურს უკრავს.
გამოსვლა პირველი
(ჩამოდის ვაკეზე და მარჯვნივ ტყისკენ იყურება)
დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.
(დაფიქრდება. ნაღვლიანის ღიმილით)
ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!
იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები!..
ისინი მტრის სისხლს ჰღვრიან უწყალოდ,
ზიზღით ევსებათ მრისხანე გული,
მე კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ
და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული!..
მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი! (დაფიქრდება)
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილავო, და არ მაქვს ბრალი!..
კიდევ არ სჩანან... ეგებ წავიდენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?
აჰ, ღმერთო ჩემო! ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი!
(მიბრუნდება და მაყვალს დაუწყებს კრეფას)
გამოსვლა მეორე
ბრმა მოხუცი და ახალგაზრდა ქალი
მოხუცი:
აქ შევისვენოთ!
ქალი: (აქეთ-იქით იყურება)
თქვენი ნებაა!
სწორი ვაკეა... ჩრდილიც ყოფილა...
წამოწექ!.. მუხლზე დამადევ თავი
და დაიძინე!.. აქ კიდეც გრილა.
მოხუცი:
მუხლზე? კი, მაგრამ რომ გეტკინება!
ქალი:
მაშ ქვას მოვიტან... სადმე იქნება...
მოხუცი:
აჰ! არა, შვილო, რა საჭიროა?
უსასთუმლოდაც დამეძინება. (ჯდება)
საკვირველია, თითქოს გაგრძელდა
ეს პატარა გზა დღეს ერთიორად;
ამასთან კიდევ მხარიც მომექცა
და მომეჩვენა...
აკაკი წერეთელი
აკაკი წერეთელი (21.06.1840-08.02.1915) - დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, რედაქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელი.