მახასიათებლები
- სათაური: პიესები
- ISBN კოდი:
- ავტორი: დავით კლდიაშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3116
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
დარისპანის გასაჭირი
ირინეს ბედნიერება
მოქმედება პირველი
მოქმედება მეორე
უბედურება
დარისპანის გასაჭირი
სურათი ერთ მოქმედებად
მოქმედნი პირნი:
მართა ქვიტირიძისა;
პელაგია საბელაშვილისა;
ნატალია, პელაგიას ქალიშვილი;
დარისპან ქარსიძე;
კაროჟნა, დარისპანის ქალიშვილი;
ონისიმე მათარაძე;
ოსიკო ხარებაძე;
გამოსვლა პირველი
უბრალოდ მორთული ოთახი მართას სახლში
მართა და პელაგია
მართა
ახლავე აქ მომიყვანე ჩემი ნათლული, პელაგია ჩემო!.. ამ საღამოს მესტუმრება ონისიმე მათარაძის ბიძაშვილის - ედუკიას შვილი... ხარებაძეს რომ ჰყავს, ეგებ ღმერთი შეგვეწიოს და ჩემი ნატალიას ბედმა გასჭრას!..
პელაგია
მიშველე, ჩემო ბატონო, ჩემო მწყალობელო!.. იცხონე სული... მოისხი ჩემი შვილების მადლი!.. ერთი, ერთი ვინმე... რას დავეძებ, ვინ იქნება, სახლში სიძედ შემომაყვანიე და გაჭირვებისაგან მიხსენი. ერთი ვინმე პირველი მაშოვნინე და მერე მე ვიცი... საშველს არ ვაღირსებ, სანამ თითო სიძე თითო ცოლის დას არ გამათხოვებინებს... შენ არ მომიკვდე!
მართა
ეგ ძალიან მოგიფიქრებია, პელაგია!.. ხა, ხა, ხა!..
პელაგია
უიმე, რას არ მოვიფიქრებ, შენ გენაცვალე, როცა ჩემისთანა ოხერ-გაჭირვებულს სამი გასათხოვარი სახლში მიზის და მთხოვნელი კაცი არსადა ჩანს!
მართა
კაი ოჯახის პატრონია, იცი!..
პელაგია
არ დავეძებ, შენ გენაცვალე!.. ცოდვისაგან მიხსნას, ქალიშვილობაში შვილი არ დამაბერებინოს და მის სიმდიდრეს რას დავეძებ!..
მართა
მერე თუ ღმერთმა ქნა და ყმაწვილმა სხვანაირი თვალით დეინახა ჩემი ნატალია - ეგებ არც კი დაგვჭირდეს რამე. ვინ იცის, რა თვალით შეხედავს! თუ არა და ერთი ათი, თხუთმეტი თუმნით მოვიტყუოთ (პელაგია ამოიოხრებს). აბა, შე ქალო, რას იზამ!.. ყოველისფერს ბედი უნდა...
პელაგია
ბედი უნდა... ბედი უნდა, ჩემო მაცხონებელო... ბედი უნდა...
მართა
რასაკვირველია!.....
დავით კლდიაშვილი
დავით კლდიაშვილი (11.09.1862-24.04.1931) - ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კლასიკური რეალიზმის წარმომადგენელი. მისი შემოქმედების მთავარი თემაა იმერეთის გაღარიბებული, "შემოდგომის აზნაურების" ყოფის ასახვა.