მახასიათებლები
- სათაური: პოემები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ილია ჭავჭავაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2989
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
აჩრდილი;
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ;
ქართვლის დედა;
მეფე დიმიტრი თავდადებული;
განდეგილი;
გადაფურცვლა
სარჩევი
აჩრდილი
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ
ქართვლის დედა
მეფე დიმიტრი თავდადებული
განდეგილი
აჩრდილი
ვუძღვნი
ივ. პოლტარაცკის და
ილია წინამძღვრიშვილს
„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“.
რუსთაველი
I
აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
ქვესკნელთ ძალთაგან იგი მთა მედგრად
ცის გასარღვევად აღმოზიდულა,
მაგრამ მის სრბოლა ცაში უეცრად
თითქო განგებით შეყენებულა.
მისი ყინულით ნაკვეთი თავი
მოირთო მზისა ოქროს სხივებით,
ქვეყანას მშიშარს მის ფრთეთა ზვავი
დასცქერის რისხვით და მუქარებით, -
თითქო ელისო გაკითხვის დღესა,
რომ იგრიალოს, წამოიქუხოს,
ხმელეთს დაეცეს, მერმედ ქვესკნელსა,
თვითც დაიღუპოს, ისიც დაღუპოს.
II
მაგრამ ისეთი მშვიდი, ნარნარი
იყო იმ დღესა ლამაზი დილა,
რომ თვით მყინვარის რისხვა და ზარი
იმ დილის მადლსა დაემორჩილა.
ქვეყანაც იყო დადუმებული,
თითქო დუმილით ყურს უგდებს ცასა, -
და ცაც უღრუბლო და მხიარული
გადმოაფენდა მადლს ქვეყანასა,
ხოლო კი ჩემი უნდო გონება
არ მოიხიბლა იმ დილითაცა...
„ნუ გჯერსო, - მითხრა, - ეს მყუდროება,
სტყუისო ზეცაც და ქვეყანაცა!
ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს
ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია,
მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს
მადლი ცისა არ მიჰკარებია.
სულ ტყუილია, რასაც ეხლა ჰგრძნობ...
ქვეყნის დრტვინვაა დაუძინარი, -
ღრმად ჩააკვირდი მის დუმილს და სცნობ,
თვით მაგ დუმილში რა წყევლა არი!..“
...
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე (08.11.1837-12.09.1907) - ქართველი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარე. მოკლულია წიწამურთან 1907 წლის 12 სექტემბერს.