მახასიათებლები
- სათაური: ქალი ქვიშაში
- ISBN კოდი:
- ავტორი: კობო აბე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 117
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4205
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პირველი ნაწილი
1
აგვისტოს ერთ დღეს დაიკარგა კაცი; მან გადაწყვიტა, შვებულება სანაპიროზე გაეტარებინა (იქამდე მატარებლით ნახევარი დღის სავალი იყო) და მას შემდეგ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერა გაიგეს რა. არც პოლიციის ძებნას, არც გაზეთებში გამოცხადებას შედეგი არ მოჰყოლია.
ადამიანთა გაქრობა საერთოდ არც თუ იშვიათი მოვლენაა. სტატისტიკის თანახმად ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ცნობა ქვეყნდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ. და რარიგ უცნაურიც უნდა იყოს, დაკარგულთა ერთობ მცირე პროცენტია ნაპოვნი. მკვლელობებს და უბედურ შემთხვევებს სამხილი რჩებათ; როცა ვინმეს იტაცებენ, ამის მოტივები ყოველთვის შეიძლება დადგინდეს, მაგრამ თუ გაქრობას სხვა რაიმე მიზეზი უდევს საფუძვლად, დაკარგულის კვალის მიგნება ძალზე ძნელია. ისე, საკმარისია გაქრობას გაქცევა დაარქვან, რომ გაქრობის ბევრ შემთხვევას, ალბათ, სწორედ ამ ჩვეულებრივ გაქცევას მიაწერენ მაშინვე.
ახლაც, რაიმე კვალი რომ არ არსებობდა, აქ უჩვეულო არაფერი იყო. დაახლოებით იცოდნენ ადგილი, საითაც კაცი გაემგზავრა, მაგრამ იქიდან არ უცნობებიათ გვამი აღმოვაჩინეთო. მისი სამუშაო სრულიადაც არ გახლდათ გასაიდუმლოებული, რის გამოც შეიძლებოდა მოეტაცათ. არც მის მოქმედებას, ქცევას ეტყობოდა რაიმე, რომ გაეფიქრათ, გაქცევას აპირებსო.
თავდაპირველად ყველამ, ბუნებრივია, დაასკვნა, აქ ქალის ხელი ურევიაო. როცა პოლიციის მოხელეებმა და კაცის თანამოსამსახურეებმა ცოლისგან გაიგეს, მწერების შესაგროვებლად წავიდა, თავისი კოლექციის შევსება უნდოდაო, ცოტა გული გაუტყდათ კიდეც. მართლაც, კალიუმციანიდიანი ქილა და მწერების დასაჭერი ბადე გეთრია, თანაც მხოლოდ ქალთან ერთად გაქცევის შესანიღბად, ეს დიდზე დიდი თვალთმაქცობა იქნებოდა. მთავარი კი ისაა, რომ სადგურის მოსამსახურის ცნობით იმ დღეს S სადგურზე მატარებლიდან გადმოვიდა კაცი, რომელიც ტანსაცმლით ალპინისტს ჰგავდა, მხრებზე გარდიგარდმო ეკიდა ხის ყუთი, მხატვრებს რომა აქვთ იმდაგვარი და მათარა. მოსამსახურეს ზუსტად ახსოვდა, რომ კაცი მარტოკა იყო. ამრიგად ქალთან ერთად გაქცევის...