მახასიათებლები
- სათაური: რა არის ნატურალური თეოლოგია?
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბაქარი ქავთარაძე
- გამომცემელი: Thomas Aquinas
- გამოცემის თარიღი: 2026
- ენა: ქართული
- გვერდები: 11
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 10
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ბაქარ ქავთარაძე
რა არის ნატურალური თეოლოგია?
ამ სტატიის მიზანია, პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას: რა არის ნატურალური თეოლოგია? თუმცა, სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევუდგებით, მანამდე, მოკლედ უნდა განვიხილოთ საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის ზოგადად თეოლოგია, რომ შემდეგ, სწორად გავიგოთ ნატურალური თეოლოგიის არსი და მნიშვნელობა. თეოლოგია (იგივე ღვთისმეტყველება[1]), როგორადაც ამაზე თავად სიტყვა მიანიშნებს (ჩვენ სიტყვაში თეოლოგია, ვდებთ დეისტურ,[2] ისევე როგორც თეისტურ[3] შინაარს და არა პანთეისტურ,[4] ჰენოთეისტურ,[5] ან მითოლოგიურ,[6] შინაარს.) არის ღმერთის შესახებ რაციონალური დისკუსია,[7] ანუ ესაა დარგი, რომელიც მსჯელობს და საუბრობს ღმერთზე.[8] შესაბამისად, ამ დარგის კვლევის მთავარი ობიექტი არის ღმერთი. სწორედ ამ განმარტებიდან გამომდინარე, თეოლოგია, ქმნილებებს (ანგელოზები, ადამიანი, კოსმოსი და მასში არსებული საგნები და მოვლენები) ღმერთთან მიმართებაში განიხილავს, რადგან სწორედ ისაა (თეიზმის, ისევე როგორც დეისტური ფილოსოფიურ–თეოლოგიური სისტემის მიხედვით) მათი პირველმიზეზი (თეისტური, ისევე როგორც დეისტური გადმოსახედიდან, ღმერთმა, როგორც ყოველივეს პირველმიზეზმა, არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა შედეგების უსასრულო სერია და მათ არსებობას უნარჩუნებს აქ და ახლა)[9] და საბოლოო მიზანი.[10] შესაბამისად, თეოლოგიის, როგორც ადამიანური დარგის კვლევის მთავარი ობიექტი არის ღმერთი, როგორც სამყაროს უზენაესი პირველმიზეზი და საბოლოო მიზანი.[11]
თეოლოგიის შიგნით არსებობს მრავალი დარგი, რომელიც სხვადასხვა საკითხებს იკვლევს ღმერთთან მიმართებაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ღმერთის შესახებ საუბრის ტრადიცია თეოლოგიაში მრავალფეროვანია და არა მონოტონური. სწორედ ამ მიზეზის გამო, თეოლოგიის (იქნება ეს იუდაური, ქრისტიანული, მუსლიმური, თუ ზოგადად თეისტური თეოლოგია) შიგნით არსებობს მრავალი დარგი, რომელთაც სხვადასხვა ფილოსოფიურ–თეოლოგიური საკითხის კვლევა ავალია. მაგალითად პოლიტიკური თეოლოგია იკვლევს სახელმწიფოს მოწყობის წესებსა და კანონებს ღმერთთან მიმართებაში,...