მახასიათებლები
- სათაური: საგანთა ბუნებისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლუკრეციუსი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1958
- ენა: ქართული
- გვერდები: 175
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1013
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- წიგნი პირველი
- წიგნი მეორე
- წიგნი მესამე
- წიგნი მეოთხე
- წიგნი მეხუთე
- წიგნი მეექვსე
- შენიშვნები
გადაფურცვლა
ლუკრეციუსი - საგანთა ბუნებისათვის
Lucretius – De rerum natura
სარჩევი
წიგნი პირველი
წიგნი მეორე
წიგნი მესამე
წიგნი მეოთხე
წიგნი მეხუთე
წიგნი მეექვსე
შენიშვნები
წიგნი პირველი
შენ, ენეადთა წინაპარო, დედაო ვენუს,
კაცთა და ღმერთთა სანატრელო, სიცოცხლით ავსებ
მსრბოლ ვარსკვლავიან ცის ქვეშეთში ხომალდიან ზღვას
და ნაყოფიერ დედამიწას, ყოველი არსი
შენით სულდგმულობს, იბადება და სჭვრეტს მზის ნათელს.
როს გამოჩნდები, ღვთაებრივო, ქარი ჩადგება,
იფანტებიან ცით ღრუბელნი და ტურფა ველი
ვარდ-ყვავილებად გეფინება, ტალღა გიღიმის
და მოკამკამე ცის ტატნობი სხივს შემოგაფრქვევს;
როს თვალს გაახელს გაზაფხულის სისხამი დილა,
დაჰბერს ნიავი – ფავონიუს მაცოცხლებელი,
ფრინველნი ცისა შენის ძალით გულშემსჭვალულნი,
ყოვლის უსწრაფეს შენს გამოსვლას მოესალმიან.
და გალაღებულ ჯოგს, მიდენილს საძოვრისაკენ,
წყალთმდინარება გადულახავს, შენკენ მოილტვის
შენის ეშხით და მძაფრი ნდომით წაქეზებული.
და ბოლოს ზღვასა, მაღალ მთებსა, ჩქარ მდინარეში,
ფოთლით დაფარულ სირთ ბუდეში, მწვანე ველზედაც –
ყველგან და ყველას შენ აღაგზნებ მძაფრ ტრფიალებით,
გულს აუჩქროლებ შთამომავლის წარმოსაშობად.
რადგან შენ მართავ ერთადერთი საგანთ ბუნებას,
შენს უნებურად ცისქვეშეთში არრა იშობა,
არღა იქნება არც მოლხენა, არც ნეტარება,
შენი შეწევნით ვიმედოვნებ წერას ამ ლექსთა
საგანთ ბუნების საიდუმლოს გადმოსაცემად.
და ეს ყოველი მსურს მივუძღვნა ჩვენს მემეადეს,
შენგან ყოველმხრივ სრულ სიკეთით რომ შემკობილა.
თქმას მიანიჭე სილამაზე დაუჭკნობელი
და ამავე დროს მღელვარება სასტიკ ომისა
ზღვასა და ხმელზე, გევედრები, სრულად შესწყვიტე.
შენ ძალგიძს მხოლოდ ამო ზავით ანებივრებდე
მოკვდავთა მოდგმას. ომის საქმეს აბჯარასხმული
განაგებს...