მახასიათებლები
- სათაური: სასაცილო პრესიოზები
- ISBN კოდი:
- ავტორი: მოლიერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 20
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1998
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
კომედია ერთ მოქმედებად.
წინასიტყვაობა.
უცნაურია, ღმერთმანი, შენი სურვილის მიუხედავად რომ გიბეჭდავენ ნაწარმოებს! ჩემი აზრით, ეს დიდი უსამართლობაა, და შემიძლია ყველაფერი მოვითმინო, ასეთ რამეს კი ვერ ავიტან.
არ იფიქროთ, თითქოს მოკრძალებულ ავტორად მინდა მოგაჩვენოთ თავი და სინდისის ქენჯნა მაიძულებდეს ამრეზით შევხედო საკუთარ კომედიას: ამით ხელაღებით შევურაცხვყოფდი მთელ პარიზს, ბრალს დავდებდი, რაღაც სისულელეს ტაში დაუკრა-მეთქი! რაკი ამგვარი ნაწარმოების უმაღლესი მსაჯული მაყურებელია, ჩემი მხრივ კადნიერება იქნებოდა პიესის დაკნინება; და თუნდაც ცუდი აზრისა ვყოფილიყავი ჩემი სასაცილო პრესიოზების შესახებ სანამ მას სცენაზე წარმოადგენდნენ, ახლა მაინც უნდა დავრწმუნდე, რომ იგი რაღაცად ღირს, რადგან ამხელა ხალხმა ერთხმად მოიწონა. მაგრამ თუ კი მაყურებლის მიერ ამ პრესაში აღმოჩენილი ღირსებების დიდი ნაწილი მსახიობთა ინტონაციასა და მიმიკას უნდა უმადლოდეს, ჩემთვის მთავარი იყო, ეს სამკაულები არ მოკლებოდა პიესას. მე ვთვლიდი, წარმატება, რაც ამ ნაწარმოებს ხვდა წარმოდგენის დროს, საკმარისია და ამას უნდა დავჯერდე-მეთქი. ვიმეორებ, გადაწყვეტილი მქონდა ჩემი პიესა მხოლოდ სანთლების შუქზე მეჩვენებინა, რათა საბაბი არ მიმეცა ვინმესთვის გაეხსენებინა ცნობილი ანდაზა; არც ის მინდოდა, რომ ბურბონის თეატრიდან მას პალეს გალერეაში გადაენაცვლა; და მაინც ვერ ავიცდინე ეს თავიდან; ჩემდა სამწუხაროდ, პიესის ასლი გამომცემელთა ხელში დავინახე, თანაც ანაზდეულად მოპოვებული პრივილეგიებით! ამაოდ გავყვიროდი: ოო, დრონო! ო, ჩვეულებანო! აშკარად მაგრძნობინეს, რომ ან ნება უნდა დამერთო დაებეჭდათ ჩემი პიესა, ან სასამართლოში მეჩივლა, ხოლო მოგეხსენებათ - ორ ჭირში ნაკლების ამორჩევა სჯობია! რაღა დამრჩენია? ბედს უნდა შევურიგდე და თანხმობა განვაცხადო ისეთ რამეზე, რასაც ჩემი თანხმობის გარეშეც გააკეთებდნენ!
ღმერთო დიდებულო, რა ძნელია წიგნის გამოშვება! რა გამოუცდელია ავტორი, როცა იგი პირველად იბეჭდება! ცოტაოდენი დრო მაინც რომ მოეცათ, უკეთ ვიზრუნებდი საკუთარ თავზე...