ხრანტოქსი 26 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდება მშობლიურ ქალაქში. მებარგულთან საუბრის გამოისობით მას მოგონებები მოეძალება, სასაფლაოს მიაშურებს და საბოლოოდ ყოფილ შეყვარებულსაც დაელაპარაკება ტელეფონით, მაგრამ ხრანტოქსი უკვე „აღარაა ცოცხლებს შორის“, რადგან მაშინ, 26 წლის წინ, ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება. პასუხისმგებლობა, გათიშულობა და, როგორც ყოველთვის, ომი, თუმცა ომი, რომელიც უშუალოდ არ ფიგურირებს ნაწარმოებში - ესაა მთავარი თემები ამ ბრწყინვალე პიესისა.
ჰაინრიხ თეოდორ ბიოლი (21.12.1917-16.07.1985) - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი. 1972 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.