მახასიათებლები
- სათაური: სიბილა
- ISBN კოდი:
- ავტორი: პერ ლაგერკვისტი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 77
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2885
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
მთის ფერდობზე, რომლის ძირას დელფო გადაჭიმულიყო, განმარტოებულ ქოხში გონებასუსტ ვაჟიშვილთან ერთად დედაბერი ცხოვრობდა. ქოხი სულ პატარა იყო. უკანა კედლის მაგივრობას უწევდა ჩამოთლილი მთის ფერდი, საიდანაც გამუდმებით ნესტი ჟონავდა. ეს უბადრუკი ქოხმახი, ოდესღაც მწყემსებს რომ აუშენებიათ, შიშველ ფერდობს ობლად აკვროდა და ქალაქსა და ტაძრის წმინდა მიწას მაღლიდან დაჰყურებდა. დედაბერი ქოხიდან იშვიათად გადიოდა, ვაჟიშვილი - არასოდეს. იგი ბინდბუნდში იჯდა და რაღაც თავისას უღიმოდა. ასე იჯდა და მთელი ცხოვრება ასე იღიმებოდა. ახლა მას ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა და გაბურძგნულ თმაში ჭაღარა შეჰპარვოდა. სახე სულ არ გამოსცვლოდა. ისეთივე დარჩენოდა, როგორიც მთელი ცხოვრება ჰქონდა - ქოსა იყო, შეღინღლული. ახალშობილის პირველქმნილ, გლუვ ნაკვთებში უცნაური ღიმილი ჩაჰკვდომოდა. დედაბერს კი პირქუში და დანაოჭებული პირისახე ისე ჩაშავებოდა. თითქოს ცეცხლს შეუტრუსავსო, ოღონდ მის მზერაში გამოსჭვიოდა ადამიანი, რომელსაც უფლის ხილვა შეეძლო.
ისინი ქვეყნისგან მოწყვეტილნი ცხოვრობდნენ; მათთან არავინ მიდიოდა, ახლოსაც კი არ ეკარებოდნენ. რამდენიმე თხა ჰყავდათ, თანაც დედაბერი მთაში ფესვებსა და ბალახებს აგროვებდა და ამით იკვებებოდნენ, სხვათა დახმარების იმედი არც ჰქონდათ, რადგან მათი ცნობა არავის უნდოდა.
ქოხს შესასვლელი ხეობისაკენ ჰქონდა მიქცეული. დედაბერი ხშირად იჯდა ზღურბლზე, ნიშის ბინდბუნდში და დიდი ხნის წინ მისგან მიტოვებულ ქვეყანას ჩასცქეროდა. ყველაფერი თითქოს ხელისგულზე ედო: ქალაქი, სადაც თავისი საზრუნავით გართული ხალხი სახლებს შორის დაძრწოდა; წმინდა გზა, სადაც პილიგრიმები ტაძრის მოედნისაკენ საზეიმოდ მიაბიჯებდნენ; საკურთხეველი უფლის სავანის წინ, სადაც მსხვერპლს წირავდნენ - ეს ყველაფერი კარგად ნაცნობი იყო მისთვის. ხანდახან კი, დილით, ალიონზე ხდებოდა სწორედ ის, რაც დედაბრისთვის ყველაზე ახლობელი იყო და ყველაზე უკეთ იცოდა. ტაძრის მოედანი ჯერ ცარიელია, მას მსახური ბიჭუნა ხვეტავს და ტაძრის შესასვლელს უფლის წმინდა ჭალიდან მოტანილი ხასხასა დაფნის რტოებით ამკობს. მთელი ხეობა აღმოსავლეთის...