აღმა და დაღმა, ქვესკნელიდან ზეცის კარამდი…;
ზამთარ და ზაფხულ, მოწყალეო, - ნაზრობ და ნაგვალ…;
გაცვდა კავშირი, დაიშალა ჩვენი ერთობა…;
და დღეთა ჩემთა წარმავალთა სევდიან მეჯლისს…;
ვერა, ვერ შევძელ, სიყვარულო, სუსხის გალღობა…;
ისევ შენივთდა ცა და ხმელი, ატირდა ძეწნა;
მან სული იგი მშვენიერი მოსცა და წარცა…;
მზე გარდახდაო - ბედისწერამ ასე მაცნობა…;
მიდის მოხუცი, ბილიკს იგნებს - თითქოს უებარ…;
მოვა ჟამი და გაგვიძახებს ბინდი ვრცეული …;
მშვენებას მისას, რაფსოდივით - ნაცნობ და ნაცად…;
ნათელი იგი გადმოღვარა აღსავლის ცამ და…;
ო, ვარსკვლავებო, სათხოვარი მართლაც მექნება…;
როგორ მინდოდა, გავქცეოდი ჯვარს და სარკოფაგს…;
როცა დამთმე და საუკუნო ნათელს შეერთე…;
სიზმარში ფრთებს ვშლი, ვიცრემლები ნათლის წინაშე…;
ყრმობის ნეტარო ტკივილებო, მშვიდობა თქვენდა!..
შენს სიტურფესთან, ხელდასხმულო ცისგან და მზისგან…;
ცეცხლად და კვამლად სახეცვლილი - ყინულის ტბა ვარ…;
აღმა და დაღმა, ქვესკნელიდან ზეცის კარამდი…
აღმა და დაღმა, ქვესკნელიდან ზეცის კარამდი,
ბრუნავდა სული ფრთაშესხმული, - როგორ უყვარდა!..
დროთა და ჟამთა - სანატრელთა და სანუკვართა -
ველურ სრბოლაში გაილია მისი ნავარდი.
აწ კი ობლად ვზი: დაცხრი, სულო, სულო, დავანდი! -
შეუნდე, ცაო, ძეშეცთომილს, ვისაც უგვან და
ბნელ საწუთროში იალქანი გადაუქანდა -
ჩარიგდა წლები ქარვისფერი, როგორც ამარტი...
მომმადლე ჟამი სიმშვიდისა, რადგან მლოცველთა
ყოველწამიერ ვედრებაში და მუდარაში
ჩამოიფურცლა ჩემი წიგნი და ჩამოძველდა, -
რომ ცაო მზერაშეუვალო, ცავ მრავალკეცო,
შენი საყდრის წინ დავეყუდო, როგორც დარაჯი
და, თავდახსნილმა, დამაშვრალი ფრთები დავკეცო...
ზამთარ და ზაფხულ, მოწყალეო,- ნაზრობ და ნაგვალ…
ზამთარ და ზაფხულ, მოწყალეო, - ნაზრობ და ნაგვალ
საწუთროს გზებზე ჩემი ბედი მორჭმით განაგე...
მადლობა ყველა ამაგისთვის, რაც მიამაგე
და ბნელში მყოფი გამიყენე ღვთაებრივ გზა-კვალს!
დამაგდო ფუჭმა ფორიაქმა, შურმა და ზაკვამ,
შენც, ხორციელო დიდებაო, ხელი ამაღე,
ჩაცხრება შენი გულზვაობა და სიამაყე
და მწირი - ნიჭთა სოფლისათა წარცემ და წახვალ.
რად დამატყვევე, თავო ჩემო, რად დამახავსე, -
მოიკრიფება აღსასრული ყრუდ და ნელიად...
აჰა, განხმულა დარაბები, - კათხა აღავსე,
მაღლა მზეა და მოღებული ცის სარკმელია,
ჩარიგებულან მგალობელნი საღვთო აღაპზე
და მოწესენი აღსავალთან ჩუმად გელიან...
გაცვდა კავშირი, დაიშალა ჩვენი ერთობა…
გაცვდა კავშირი, დაიშალა ჩვენი ერთობა,
მოსაცელავი ბედისწერამ უკვე მოცელა
და შემოასხა სინანულის შესამოსელად
ამქვეყნიური უნდობლობა და უღმერთობა.
იმედის სხივი ობოლ სანთლად სულში მენთო და
ისიც გალღვა და გაილია, როგორც ოცნება,
სული, - რომელიც ღრუბლებს მისწვდა და...