მახასიათებლები
- სათაური: სურამის ციხე
- ISBN კოდი:
- ავტორი: დანიელ ჭონქაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3612
- რეიტინგი: 3.0
გადაფურცვლა
ამ ზაფხულის, იმ საშინელ სიცხეში, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი ეძებდნენ სიგრილეს ქალაქის გარეთ, აქ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთა რიცხვში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადვეს პირობა მთელ ზაფხულს, ყოველ საღამოს, შეყრა რიყეზე, ანჩისხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდის. იმ პირობაში, სხვათაშორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა ერთი მოთხრობა, ანუ ანდაზა ანუ სხვა რაიმე ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან.
იყო ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი, რომლითაც სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცვამდა, ზოგი შემოხვეოდა და ყურს უგდებდა დ.ბ., რომელსაც მუხლზე ედო თარი, უკრავდა და დაბალის ხმით დაჰღიღინებდა. შემდგომ რამდენიმე ხნისა, როდესაც ყველამ მიირთვა ჩაი და ბიჭები შეუდგნენ ვახშმის მზადებას, ყმაწვილებს მოაგონდათ, რომ მორიგეს ჯერ არ აესრულებინა თავისი რიგი. მოიკითხეს მორიგე, გამოჩნდა, რომ რიგი გათავებულიყო. სთხოვეს ერთს, სთხოვეს მეორეს, მაგრამ არავინ არ მიიღო თავზე ეს ვალდებულება. მივარდა საქმე წილის ყრაზე, ერთი ჩვენგანი წამოდგა და თქვა: იწილო, ბიწილო, შროშანო... და სხვ. და დააბოლოვა ნიკო-ზე.
- ოჰ! ნიკოს გაუმარჯოს, მოგვილოცავს! - დაუძახა ყველამ.
- უკაცრავად, ყმაწვილებო, დღეს მაპატიეთ! თქვენმა მზემ, არ ვიცი, რა ვთქვა, არ მოვმზადებულვარ.
- ეჰ, ნიკოჯან! ახსენე ღმერთი, დაიწყე: იყო და არა იყო რა-თქო და სხვას ღმერთი გიშველის, გარწმუნებ! - უთხრა დარიგებით სიკომ.
- მაშ, კარგი, სმენა იყოს და გაგონება, - და დაიწყო:
I
იკითხე გლეხთაც კარგი ქალობა!
სოფლელსაც ხედამ? აქვს ჩვილი გული,
სოფლელმაც იცის, სცან, სიყვარული
შენ კი.........................
ი. კერესელიძე
- აი, ის სახლები მუხრანბატონიანთი არის, ხედავთ? - და გაიშვირა ხელი მუხრანბატონიანთ სახლებისკენ.
- დიახ, დიახ, გახლავსთ, - უპასუხეს ყმაწვილებმა.
- ეხლა ის სახლები დაქცეულები არიან, არ ვიცი რათა. პატრონები ყურს აღარ უგდებენ, გული აუცრუვდათ იმათზედ, მაგრამ მაგათაც ჰქონდათ თავისი დრო; ერთხელ ეგენიც იყვნენ...