მახასიათებლები
- სათაური: თავისუფლების შესახებ
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯონ სთიუარტ მილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 66
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2367
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი I: შესავალი
- თავი II: აზრისა და დისკუსიის თავისუფლება
- თავი III: ინდივიდუალურობა, როგორც კეთილდლეობის ერთ-ერთი ელემენტი
- განმარტებები
გადაფურცვლა
სარჩევი
თავი I: შესავალი
თავი II: აზრისა და დისკუსიის თავისუფლება
თავი III: ინდივიდუალურობა, როგორც კეთილდლეობის ერთ-ერთი ელემენტი
განმარტებები
თავი I: შესავალი
ამ ნარკვევის თემა არ არის ეგრეთ წოდებული ნების თავისუფლება, რომელიც ასე მოუხერხებლად უპირისპირდება არასწორად სახელდებულ ფილოსოფიური აუცილებლობის მოძღვრებას. მისი თემაა სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივი თავისუფლება: იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე. ამ საკითხს იშვიათად სვამდნენ და თითქმის არასოდეს განუხილავთ ზოგადი სახით, მაგრამ ის ფარულად მონაწილეობს ჩვენი დროის პრაქტიკულ დაპირისპირებებში, ღრმა გავლენას ახდენს მათზე და, სავარაუდოდ, მალე იქნება აღიარებული მომავლის სასიცოცხლო საკითხად. ეს საკითხი სულაც არ არის ახალი. გარკვეული აზრით, იგი უძველეს ეპოქებშიც აღელვებდა კაცობრიობას; მაგრამ პროგრესის იმ სტადიაში, რომელშიც ახლა შეაბიჯეს ადამიანების მოდგმის უფრო ცივილიზებულმა ნაწილებმა, ის ახალ პირობებში წარმოგვიდგება და განსხვავებულ და უფრო ფუნდამენტურ განხილვას მოითხოვს. თავისუფლებასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა ჩვენთვის ცნობილი ისტორიის, სახელდობრ, საბერძნეთის, რომის და ინგლისის ისტორიების ყველაზე გამოკვეთილი ნიშანია. მაგრამ ძველ დროში ეს იყო ბრძოლა ქვეშევრდომებსა ან ქვეშევრდომთა გარკვეულ კლასებსა და მთავრობას შორის. თავისუფლებაში იგულისხმებოდა პოლიტიკურ მმართველთა ტირანიისგან დაცვა. მმართველთა პოზიცია (საბერძნეთში არსებული ზოგიერთი სახალხო მთავრობის გარდა) მოიაზრებოდა, როგორც მათ მიერ მართულ ხალხთან აუცილებლობით დაპირისპირებული. მთავრობა შედგებოდა ერთი მმართველი პირის ან მმართველი ტომის თუ კასტისგან, რომლებიც ძალაუფლებას მემკვიდრეობით იღებდნენ ან ბრძოლით იპყრობდნენ და რომელთაც, არც ერთ შემთხვევაში, ძალაუფლება არ ეძლეოდათ მართულთა ნება-სურვილის მიხედვით; სიფრთხილის რა ზომებიც არ უნდა მიეღოთ მმართველთა დესპოტური ქმედების თავიდან...