მახასიათებლები
- სათაური: თოვლიანი მხარე
- ISBN კოდი:
- ავტორი: იასუნარი კავაბატა
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 89
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3015
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ორი პროვინციის საზღვარზე გრძელი გვირაბია გაჭიმული. გვირაბს იქით თოვლიანი მხარე იწყება: მატარებელმა ბნელი გვირაბი გაიარა და სანიშნო სადგურზე გაჩერდა. ღამე გამკრთალდა, ინათა.
ვაგონში, გასასვლელის მეორე მხარეს, ახალგაზრდა ქალი იჯდა, ქალი წამოდგა, სიმამურას გვერდით, ფანჯარასთან მივიდა და ჩამოსწია. ვაგონში ცივი, თოვლის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი შემოიჭრა.
ქალმა თავი ფანჯარაში გაყო და სივრცეს გასძახა:
- ბატონო სადგურის უფროსო!.. ბატონო სადგურის უფროსო!..
მალე თოვლზე ნელი ნაბიჯის ხმა გაისმა და ფანჯარას ხელფარნიანი კაცი მიუახლოვდა. ბეწვის ქუდი ყურებზე ჩამოეფხატა, ყელსახვევი ლამის ცხვირამდე ჰქონდა მოხვეული.
- ნუთუ ასე ცივა? - გაიფიქრა სიმამურამ და ფანჯარაში გაიხედა. ყრუ, უდაბური ადგილი იყო. შორს, მთის ძირას, იქ, სადაც თოვლის ქათქათა სითეთრეს შავი ჩრდილივით დასდგომოდა ბინდი, ორიოდე ულაზათო შენობა, ეტყობა, რკინიგზელების სახლები, მოჩანდა.
- მე ვარ, ბატონო უფროსო, მე გეძახოდით! როგორ ბრძანდებით?
- ა-ა, შენ ხარ, იოკო! მაშ, მიდიხარ შინ... აქ კი, აი, ხედავ, რა სიცივეა.
- გავიგე, ჩემს უმცროს ძმას თქვენთან უმუშავია, გმადლობთ, ბატონო სადგურის უფროსო.
- ჰო, როგორ არა, მუშაობს... ეჰ, ისეთი ვერანა ადგილია, ისეთი მოწყენილობაა, მეშინია, არ დაჭლექდეს. ცოდოა, ახალგაზრდა კაცია.
- ახალგაზრდა კი არა, ჯერ ისევ ბიჭია, ბატონო უფროსო, ძალიან გთხოვთ, თვალქვეშ იყოლიოთ, ყურადღება მიაქციოთ...
- მივაქცევ, მაშ რას ვიზამ... ჯერჯერობით კი რა უჭირს, ჯანზეა, სამსახურსაც თავს რიგიანად ართმევს... მალე ცხარე დღეები დაგვიდგება, გიყვარდეს, ბლომად გვექნება სამუშაო. შარშან ამ დროს ისეთი თოვლიანობა იყო, ენით აუწერელი, მოდიოდა და მოდიოდა შვავი, მატარებლებს აჩერებდა - იდგნენ ასე საცოდავად. ახლომახლო სოფლებში ხალხი საქმეს ვეღარ აუდიოდა, დღედაღამ ბრინჯს არჩევდნენ, დაზარალებულებს უხარშავდნენ.
- ბატონო უფროსო, თქვენ რაღაც ძალიან თბილადა ხართ ჩაცმული, ძმა კი მწერდა, ჯერ ჟილეტი არ ჩამიცვამსო.
- მე? თბილად კი არა, ოთხივე კიმონო ზედ მაცვია. ახალგაზრდებს რა...