მახასიათებლები
- სათაური: ტრამალის მგელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰერმან ჰესე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 159
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 4671
- რეიტინგი: 4.0
გადაფურცვლა
გამომცემლის წინათქმა
ეს წიგნი იმ კაცის ჩანაწერებს შეიცავს, რომელიც საკუთარ თავს „ტრამალის მგელს“ უწოდებდა ხოლმე, და ჩვენც მისი წამხედურობით ამ სახელითვე მოვნათლეთ. ძნელი სათქმელია, სჭირდება კი მის ხელნაწერს წინათქმა! ასეა თუ ისე, მინდა ტრამალის მგლის ხელით დაწერილ გვერდებს ერთი-ორი ჩემიც მივუმატო და ვთქვა, რაც ამ კაცზე მოგონებამ შემოინახა. ტრამალის მგელზე, საერთოდ, ძალიან ცოტა რამ მსმენია, ხოლო მისი წარმომავლობა და მით უფრო წარსული ხომ უცნობი და უცნობია ჩემთვის! მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ამ კაცზე მაინც ძალიან სასიამოვნო მოგონებები შემომრჩა.
ტრამალის მგელი ასე, ორმოცდაათიოდე წლის კაცი იქნებოდა. უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან პირველად გადმოაბიჯა დეიდაჩემის სახლის ზღურბლს; როგორც შემდგომ გაირკვა, უცნობი თურმე ბინას ეძებდა. მანსარდა და მომიჯნავე საძინებელი ოთახი რომ იქირავა, ერთ-ორ დღეში ისევ მოვიდა; ამჯერად ჩემოდანი და წიგნებით გატენილი ყუთი მოიტანა. იმ დღიდან მოყოლებული ცხრა თუ ათ თვეს დარჩა ჩვენთან; ერთობ წყნარად და კარჩაკეტილად ცხოვრობდა. ჩვენი საძინებელი ოთახები გვერდიგვერდ იყო, ამიტომ კიბესა და დერეფანში ძალაუნებურად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ეს რომ არა, ასე მგონია, მის გაცნობას ვერც მოვახერხებდი-მეთქი. დიახ, დასაახლოებლად მაინცდამაინც ადვილად ვერ მიუდგებოდით, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად თუ შემხვედრია მასავით გულჩათხრობილი ადამიანი. ნამდვილად ჰგავდა ტრამალის მგელს და ზოგჯერ თვითონაც ასე უწოდებდა ხოლმე საკუთარ თავს! ერთი ეული, ველური და თან მფრთხალი კაცი იყო. დიახ, დიახ, უცნაურად მფრთხალი; მის სამყაროს აბა, რა საერთო უნდა ჰქონოდა ჩემისთანა კაცის ცხოვრებასთან! მხოლოდ ახლა, როცა მის ჩანაწერებს გავეცანი, მივხვდი, თუ რა უსაზღვრო მარტოობას იყო ნაზიარები საკუთარი იღბლისა თუ მიდრეკილებების წყალობით და თვითშთაგონებით როგორ ცდილობდა ამ სიმარტოვეში განგების ძალა დაენახა. თუმცა, ხანმოკლე შეხვედრებსა და საუბრებში ჯერ კიდევ ჩანაწერების წაკითხვამდე შევიცანი ამ კაცის ბუნება და ასე მგონია, ამ ჩანაწერების წყალობით...