ლექსებში გამღჟავნებული პოეტური ხილვები ოდნავადაც არ არის ბუნდოვანი, გამოგონილი და მოჩვენებითი. აქ ყოველივე ნამდვილია, ბუნებრივი, ეჭვშეუტანელი და დამაჯერებელი. პოეტის თითეული ლექსი ერთგვარი ავტოპორტრეტია, კეთილშობილი ქართველი კაცის სახისა და ხასიათის უტყუარი ანარეკლი.
ალექსი გოგბერაშვილი თხემით ტერფამდე ქართველი პოეტია. ის ჩვენი ყოფის მოუთვინიერებელი ოკეანის იდუმალ სიღრმეებში ეძებს მოწესრიგებულს და ჰარმონიულს, საუკეთესოს და ჩინებულს, სრულქმნილს და ღვთაებრივს... მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია პასტორალური გარემო, სამშობლო და ეროვნული ღირებულებები, სიკეთე და სიყვარული, ზნეობრივი იდეალები და მეხსიერებაში დავანებული წინაპართა აჩრდილები.